პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც სატელეფონო მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან, გააფრთხილებს მას იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რომლებიც ვაშინგტონის ნაბიჯებს მოჰყვება, თუ პეკინი მოსკოვს დახმარებას აღმოუჩენს.
ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ პეკინი რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკით პირდაპირი დახმარების შესაძლებლობას განიხილავს, რასაც მოსკოვი უკრაინაში გამოიყენებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი [პარასკევს] სი ძინპინს დაელაპარაკება. და ჩვენ ნათლად განვუმარტავთ, რომ ჩინეთი პასუხს აგებს ნებისმიერ ნაბიჯზე, რომელსაც ის რუსული აგრესიის მხარდასაჭერად გადადგამს. ჩვენ უყოყმანოდ დავუწესებთ მას დანაკარგებს“, — აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც მოუწოდებს ქვეყნებს, „განსაკუთრებით მათ, რომლებსაც უშუალო გავლენა აქვთ რუსეთზე“, გამოიყენონ ხელთ არსებული ბერკეტები, რათა მოსკოვმა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ შეწყვიტოს.
„მიგვაჩნია, რომ ჩინეთი გამორჩეულად ვალდებულია, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთის პრეზდენტ პუტინზე და დაიცვას საერთაშორისო წესები და პრინციპები, რომლებსაც [ჩინეთი] აღიარებს“, — განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ნაცვლად ამისა, ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს და, ცდილობს რა წარმოაჩინოს თავი ნეიტრალურ არბიტრად, უარს ამბობს რუსული აგრესიის დაგმობაზე.