თბილისსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

ამ დროისთვის, დაახლოებით, 3000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორში, სოფელ თელოვანში.

გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია ,,თბილსერვის ჯგუფის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი და 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია. სამუშაოები საჭიროებისამებრ, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გაგრძელდება.