საფრანგეთის მთავარი ენერგოკომპანია TotalEnergies-ის აღმასრულებელი დირექტორის, პატრიკ პუიანეს თქმით, კომპანია ვერ შეწყვეტს რუსული გაზის შესყიდვას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ევროპის დედაქალაქები კვლავ აგრძელებენ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტს.
პატრიკ პუიანე ამბობს, რომ კომპანია წლის ბოლომდე შეწყვეტს ნავთობის შესყიდვას, თუმცა არა – გაზის. TotalEnergies ასევე ფლობს წილს რამდენიმე რუსული გაზის კომპანიაში, მათს შორის თხევადი ბუნებრივი აირის ერთობლივ საწარმოებში.
გასული კვირის განმავლობაში, კომპანიის გადაწყვეტილება არაერთმა არასამთავრობო და მწვანეთა ორგანიზაციამ გააკრიტიკა. ამის საპასუხოდ, TotalEnergies დირექტორი აცხადებს:
“ვიქნები ძალიან პირდაპირი: იმ შემთხვევაში, თუ რუსული გაზის ექსპორტს შევწყვეტთ, არ ვიცი როგორ ჩავანაცვლოთ იგი”. – თქვა მან.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი აკრძალავს რუსული გაზის იმპორტს, TotalEnergies ჯგუფი შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას.