რაფაელ ჩიმიშკიანი 23 წლის იყო როდესაც ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დღეს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს 93-ე დაბადების დღე და ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების 70-ე იუბილე მიულოცა.
„საბჭოთა კავშირის ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელები – იაკობ კუცენკო, ნიკოლაი შატოვი და ალექსანდრ ნაზაროვი არმიის სპორტული კლუბის წარმომადგენლები იყვნენ და ყოველთვის ცდილობდნენ მათი კლუბის წარმომადგენელი პირველი ყოფილიყო“, – მოგვთხრობს რაფაელ ჩიმიშკიანი:
„ასე იყო ჰელსინკში სადაც ჩემს წონაში სვერდლოვსკელი ძალოსანი ნიკოლაი საქსონოვიც წამოიყვანეს. ფინეთში წასასვლელად ვემზადებოდი და ავად გავხდი, ფილტვების ანთება დამემართა. ავადმყოფობის გამო მატარებლის ბოლო ვაგონში მომათავსეს რომლის კარს „წითელი ჯვარი“ ეწერა. მთელი გზა ჩემი მეგობრები გივი კარტოზია და ვახტანგ ბალავაძე გვერდიდან არ მომცილებიან და ჰელსინკში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში უკვე მშვენივრად ვიყავი.
ვარჯიშებიც გეგმის მიხედვით მიდიოდა. უბრალოდ ჩემს მიმართ მწვრთნელების განწყობა ძალიან მაღიზიანებდა. შეიძლება ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოსვლა დაბალი შედეგით დავიწყე. აჭიმვაში ტრინიდადელმა როდრეი უელკისმა 7,5 კილოგრამით გამისწრო. შეჯიბრი საკმაოდ გვიან ტარდებოდა და ჩემი მეგობრები სოფელში უნდა დაბრუნებულიყვნენ, სწორედ წასვლის წინ ჩემთან გივი კარტოზია და ვახტანგ ბალავაძე მოვიდნენ, ხელი ხელზე მომადეს ჩვენი ძალა შენო და მითხრეს, რომ ოლიმპიურ სოფელში მხოლოდ ოქროს მედლით უნდა დავბრუნებულიყავი.
აკვრის პირველ ცდაზე 132,5 კილო შევუკვეთე. მწვრთნელებმა 130 კილოგრამზე მეტის უფლება არ მომცეს. საქსონოვმა კი ჩემი შეკვეთილი წონა აკრა და დაწინაურდა. ვგრძნობდი, რომ მწვრთნელები ჩემპიონობისთვის საქსონოვს ამზადებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეორე ცდაზე წონა ვერ დავაფიქსირე. მესამე ცდაზე 135 კილოგრამი ავკარი და სამჭიდის ჯამში 337,5 კილოგრამით მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდი დავაფიქსირე. საქსონოვი ბოლო ცდაზე 140 კგ-ზე მივიდა მაგრამ ვერ დაძლია და ასე გავხდი ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
ოლიმპიურ სოფელში გვიან ღამით დავბრუნდი. ბიჭები მელოდებოდნენ. გახარებულმა გივი კარტოზიამ და ვახტანგ ბალავაძემ ავტობუსიდან საწოლამდე ხელში აყვანილი მიმიყვანეს“.