ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი ჯარების გაგზავნას უკრაინაში – ჯენ ფსაკი

რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება არ შედის აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში, ამიტომაც ჩვენ უკვე ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ არანაირი ჯარების გაგზავნას უკრაინაში – ჯენ ფსაკი.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, ვარშავის იდეის კომენტირებისას ნატოს სამშვიდობო მისიის უკრაინაში გაგზავნის შესახებ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება არ აპირებს არანაირი ჯარების გაგზავნას უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ბრიფინგზე ფსაკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას პოლონეთთან და ევროპაში სხვა მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას „რუსული აგრესიისგან“ დასაცავად.

– “ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამერიკული ჯარების გაგზავნას რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად, ეს არ შედის ამერიკელი ხალხის ან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ მთელი რიგი იდეების განხილვას, მათ შორის ამ იდეის ჩათვლით“ – თქვა მან.

მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს მოისმინოს ჩინეთისგან რუსეთის ნაბიჯებისა და უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაგმობის სიტყვები.

წყარო: itv.ge