ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა რუსეთის ფედერაციის 25 მოქალაქის, მათ შორის თინა კანდელაკის, პერსონა ნონ გრატას სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც გართობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან, აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატეს რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისადმი, ისინი საჯაროდ ამართლებდნენ და პროპაგანდირებდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

„ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინასთან გაჩაღებულ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელიც ერთი თვეა გრძელდება და რის შედეგადაც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები ყოველდღიურად კარგავენ სიცოცხლეს.

კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილეობას. შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია“, – აღნიშნულია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.