ყველას შევახსენებთ, რომ გამიზნულად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა ამერიკულ-ბრიტანული ომის წარმოების მეთოდია!

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში გამართული მრგვალი მაგიდა, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების – “ისტორიული მემკვიდრეობისა” და “ევრაზიის ინსტიტუტის” ინიციატივით გაიმართა, განცხადების ტექსტზე შეთანხმდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ტექსტიდან:

“რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ სამოქალაქო მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხოდ – არ ხდება დიდი ქალაქების მასობრივი დაბომბვა და შტურმით აღება. რუსეთის არმია მუდამ ღიად ტოვებს ჰუმანიტარულ კორიდორებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და კიევის რეჟიმს მოუწოდებს, ნუ აბრკოლებს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებიდან ხალხის გადინებას რუსეთის მიმართულებით. რუსეთის ეს მოქმედება ისტერიკას იწვევს დასავლეთში და ანტირუსული პროპაგანდა ცდილობს, ყველაფერი პირიქით წარმოაჩინოს – თითქოს რუსეთის არმია ცდილობს, განზრახ გამოიწვიოს მსხვერპლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც უნამუსო ცილისწამებაა.

ამიტომ, ყველას შევახსენებთ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული ნგრევა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული ხოცვა ამერიკულ-ბრიტანული ომის წარმოების მეთოდია. დასავლეთში აღშფოთებას არ იწვევს როგორც შედარებით შორეული ისტორია – დრეზდენის, ჰიროსიმასა და ნაგასაკის განადგურება, ისე უახლესი ისტორია – იუგოსლავია, ავღანეთი, ერაყი, ლიბია… ეს ქვეყნები ამერიკელებმა და ნატოში შემავალმა ქვეყნებმა მიწასთან გაასწორეს. ომი იუგოსლავიის, ავღანეთის, ერაყის და ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ავიაციისა და სარაკეტო შეტევების გამოყენებით დაიწყეს, არ ერიდებოდნენ დიდი ქალაქების მასობრივ დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას, რათა შემდეგ შესულ სახმელეთო ჯარებში მსხვერპლი არ ყოფილიყო. ამერიკელი ჯარისკაცების დიდი რაოდენობით დაღუპვა ხომ საზოგადოებრივ აზრს ომის წინააღმდეგ განაწყობდა! ამიტომ, ვაშინგტონში და ბრიუსელში ისევ მშვიდობიანი სერბების, ერაყელებისა და ავღანელების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ამჯობინებდნენ. შეგახსენებთ: არც ერთ ამერიკელ ჯარისკაცს იუგოსლავიის, ავღანეთის ან ერაყის მიწაზე ფეხი არ დაუდგამს მანამ, სანამ ავიაციამ ეს ქვეყნები რამდენიმე კვირის მანძილზე სისხლით არ გაავსო!

გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ეს პრინციპული და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილებაა. აქვე დავძენთ, რომ უკრაინა, ბოლო წლების მანძილზე, არა მხოლოდ ანტირუსულ, არამედ, ანტიქართულ პლაცდარმადაც გადააქციეს. ქართველი სამართალდამცველების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ მათ არ გადასცა სისხლის სამართლის დამნაშავეთა უდიდესი ნაწილი. მეტიც, საქართველოს კრიმინალ მოქალაქეებს უკრაინული მოქალაქეობა მიანიჭა და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშნა. უკრაინიდან  ასევე შემოგზავნილი იქნა  მ. სააკაშვილი 2021 წლის არჩევნების წინ, საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით. კიევის რეჟიმი უპატივცემულობას ავლენს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არაფრად აგდებს ახლა, გაჭირვების ჟამს, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას. კიევიდან ითხოვენ, რომ საქართველომ თავისი სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედოს და ჩაერთოს ანტირუსულ ალიანსში. ეს და კიდევ სხვა არაერთი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ კიევში დღეს არსებული რეჟიმი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს!

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღკვეთოს ჩვენს ქვეყანაში გაჩაღებული ანტირუსული კამპანია და ყურადღება მიაქციოს უკრაინაში არსებული რეჟიმის მიერ გადადგმულ არამეგობრულ, საქართველოსთვის ძირგამომთხრელ ნაბიჯებს.

მიგვაჩნია, რომ უკრაინაში დღეს მიმდინარე პროცესებმა არსებითად შეცვალა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება ევრაზიის კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოშიც. ეს პროცესები თვალსაჩინო გაკვეთილია პირველ რიგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააკეთოს სწორი დასკვნები და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში იმოქმედოს დამოუკიდებლად, ქვეყნის ძირეული ინტერესების გააზრებით და მათთან შესაბამისად”.

 

ტექსტი მთლიანად იხ. “საქართველო და მსოფლიო”-ს გვერდზე.