CNN – უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ დღეში 500 Stinger-ი და 500 Javelin-ი სჭირდება

უკრაინამ აშშ-ის მთავრობას საჭირო სამხედრო დახმარების განახლებული სია გადასცა, – ინფორმაციას CNN-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება ამერიკული წარმოების Stinger-ის ტიპის 500 საზენიტო რაკეტა და Javelin-ის 500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ყოველდღიურად.

CNN-ი იუწყება, რომ უკრაინა ითხოვს ასობით მეტ რაკეტას, ვიდრე მანამდე გაგზავნილ სიაში იყო აღნიშნული.

ტელეკომპანიის ცნობით, სიაში საუბარია ასევე: თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და S-300 ტიპის საზენიტო სისტემების საჭიროებაზე.

დოკუმენტში დასახელებულია რუსული წარმოების თვითმფრინავების ორი ტიპიც და უკრაინა თითოეულ მათგანს 36 ერთეულის ოდენობით ითხოვს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში “ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალები და იარაღი მიემართება”. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ „მრავალი დღის განმავლობაში ბევრი ავიარეისი უნდა განხორციელდეს“, რომლის საშუალებითაც აღჭურვილობას აღმოსავლეთ ევროპაში, შემდეგ კი, სახმელეთო გზით, უკრაინაში ჩაიტანენ.