მას შემდეგ, რაც გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში ტარას გაგნიძისა და გულბაათ რცხილაძის ინიციატივით შეკრებილმა პოლიტიკურმა ექსპერტებმა, მხარდაჭერა გამოხატეს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმართ და ეს პოზიცია საქართველოს ინტერესების პოზიციიდან დაასაბუთეს, კიდევ ერთი ჯგუფი ექსპერტებისა მოსკოვში, გორჩაკოვის ფონდის მიწვევით გაემგზავრა და მხარდაჭერა გრიგორი კარასინის წინაშე გამოხატა.
სურათზე: გრიგორი კარასინი ხელს ართმევს დავით ცეცხლაძეს; შუაში – დიმიტრი ლორთქიფანიძე
რუსეთის საგანგებო დავალებათა ყოფილი ელჩი, სენატორი გრიგორი კარასინი კმაყოფილი დარჩა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით. ქართულ დელეგაციას “ევგენი პრიმაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის ცენტრის” დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. გორჩაკოვის ფონდის ფორუმში ასევე მონაწილეობს რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი ქართული ეროვნულ-კულტურული “ავტონომიის” დირექტორი დავით ცეცხლაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან “გეპეის” პროფესორი და “ევროპელი სოციალისტების” პოლიტსაბჭოს წევრი თამარ კიკნაძე, ჟურნალისტი ვასილ კაპანაძე და სხვები.