უნგრეთი არ დაუშვებს იარაღის უკრაინაში გადაცემას! – პრემიერმინისტრი ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უაჰრყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ და განაცხადა, რომ ეს უნგრეთის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება.

უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანმა უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნები, რადგან ის ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს.

„უნგრეთს სურს ამ ომის მიღმა დარჩეს. ამიტომ ის არ დაუშვებს იარაღის უკრაინაში გადაცემას“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინის დასავლეთში უნგრელ უმცირესობას საფრთხე დაემუქრება, თუ უნგრეთი იარაღს გაუგზავნის უკრაინას.

ევროკავშირისა და ნატოს წევრმა უნგრეთმა უარი განაცხადა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნაზე ან მისი ტერიტორიის გავლით უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე.

24 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა და ვიქტორ ორბანს მოუწოდა, დაემტკიცებინა სანქციების გაფართოება, უნგრეთის ტერიტორიის გავლით იარაღის უკრაინაში გატარება და რუსეთთან საქმიანი კავშირების გაწყვეტა. –“იმედინევს”–.