საგარეო უწყება – ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთი წელი შესრულდა, რაც ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, უვიზო რეჟიმის ამოქმედება ყველას საერთო მონაპოვარია.
„დღეს, 28 მარტს, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა, რაც ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია. სავიზო ბარიერების გაუქმებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად მიმოსვლისა და მოგზაურობის მარტივად დაგეგმვის საშუალება მიეცათ, საქართველომ კი ევროკავშირის სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი განიმტკიცა და ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.
უვიზო მიმოსვლამ ჩვენს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობები გაუჩინა და ხელშესახები შედეგები მოგვცა ტურიზმის, ბიზნეს კავშირების, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, პროფესიონალური კავშირებისა და ზოგადად, ხალხებს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
არსებული მონაცემებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებს საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე ესტუმრა და თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა“ – აცხადებენ უწყებაში.
წყარო: 1tv.ge