სად ვიქნებით ჩვენ — 30 წლის განმავლობაში ამერიკელთა ხელში ქცეული არარაობა?

უკონკურენტოდ დარჩენილმა ამერიკამ უმალ მოირგო მსოფლიო ჰეგემონის მანტია და გააფთრებული ძალით შეუდგა მოულოდნელად მიღებული პირველობის შენარჩუნებითვის ბრძოლას. 30 წლის განმავლობაში აწარმოებს ის საკუთარი ძალისა და იდეების სხვაზე თავსმოხვევას, აშკარად მიუღებელ ხერხებს იყენებს სახელმწიფო ტერორის სახით და არც ეკონომიკურ ბერკეტებზე აცხადებს უარს, პირიქით მისთვის ოდნავ სხვაგვარად მოაზროვნე ქვეყანას უმალ „ასაჩუქრებს“ ეკონომიკური სანქციებით.

ვინ მოთვლის, რამდენჯერ მიმართა მან ამ ერთობ მიუღებელ ხერხს საკუთარი პოლიტიკის განსამტკიცებლად, მსოფლიოს დასაშინებლად — თუ არ დამიჯერებთ, თქვენც „დაგასაჩუქრებთო“.

სანქციებთან ერთად ის ძალასაც მიმართავს, რაც კაცობრიობას არა მარტო არასტაბილურობის განცდას ანიჭებს, არამედ ნგრევის და ადამიანთა ხოცვის შიშს.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ აშშ-ა 150-ზე მეტ სამხედრო ავანტიურაში მიიღო პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომელსაც ლამის 90 მილიონი ადამიანი შეეწირა.

ერთ-ერთი ასეთი ავანტიურა მან და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა 23 წლის წინათ განახორციელეს, როდესაც იერიში მიიტანეს ევროპაში მდებარე იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადზე.

78 დღის განმავლობაში ბომბავდნენ ისინი ამ ქალაქს, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების გარეშე — ვოლუნტარისტულად, დაუნდობლად.

„სამშვიდობო“ ოპერაციას, როგორც მათ თავიანთ ბარბაროსულ აქტს უწოდეს — 5000 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, ათასობით დაშავდა. ბელგრადის დაბომბვისას ურანის შემცველი ბომბებიც იქნა გამოყენებული, რამაც სერიოზული შედეგი გამოიწვია ავთვისებიანი სიმსივნის მასობრივი გავრცელების სხით. ევროპის ქვეყნებში იუგოსლავიას პირველი ადგილი უკავია ამ დაავადებით.

24 მარტი — იუგოსლავიის დედაქალაქზე თავდასხმის დღე, ყოველთვის აღინიშნება ხალხმრავალი ანტინატოური, ანტიამერიკული დემონსტრაციებით და მიტინგებით. ტრადიცია არც წელს დარღვეულა, უფრო მეტიც, მას ახალი სტიმული მისცა დასავლეთში მიმდინარე ანტირუსულმა კამპანიამ.

სერბები, ისე, როგორც არც ერთი სხვა ერი, ევროპის შუაგულში მცხოვრები, ასე გულწრფელად და თავდადებით უჭერს მხარს რუსეთს და მის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში.

განგებამ ინება და ერთი დღით ადრე, 23 მარტს სამარადისოდ მოაშორა ამ წუთისოფელს ბელგრადის დაბომბვის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი.

სწორედ ის მოითხოვდა ბელგრადის დაბომბვას და მასთან ერთად სენატორი ჯო ბაიდენი. ვიდეო-ფირმა შემოგვინახა ამ ორი დამნაშავის ემოციურ-აგრესიული გამოსვლები იუგოსლავიის წინააღმდეგ, ისე, როგორც მაშინდელი პრეზიდენტის ბილ კლინტონის, რომელიც „დიდსულოვნად“ იღებს დაბომბვის გადაწყვეტილებას.

აშშ-ს მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ჩადენილ დანაშაულებათა გრძელ სიაში, რომელიც ჩინეთმა გამოაქვეყნა, „საპატიო“ ადგილი უკავია კორეის ომს; ვიეტნამის ექსპანსიას; ერაყის განადგურებას; ლიბიის, როგორც სახელმწიფოს, მიწასთან გასწორებას; სუვერენული სირიის სამოქალაქო ომის გაჩაღებას და მასში თავის მიერ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ჩართვას; ავღანეთის მრავალწლიან ომს, სამარცხვინო მარცხს და ქაბულიდან კუდამოძუებულ გამოქცევას.

და ბოლოს უკრაინას — უკრაინელი ბანდერელების ნაშიერთა შორის ფაშისტური სულისკვეთების აღორძინებას და „მტერი“ რუსეთის მიმართ წაქეზებას.

რუსეთის წინააღმდეგ ფარული თუ ხილული ომი დიდი ხანია მიმდინარეობს აშშ-ს პოლიტიკოსთა ტვინებში. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს. ასეა მისი მემკვიდრე რუსეთის პირობებში. აშშ-ა ყველაფერი იღონეს საბჭოთა კავშირის პოლიტელიტის მოსასყიდად, საკუთარ დაკრულზე ასაცეკვებლად, რაც შეძლეს კიდეც — უნებისყოფო ხელმძღვანელთა მოღალატური გრძნობების წყალობით.

და მოხდა ის, რასაც ვერვინ იფიქრებდა — ელცინის დროს კრემლის კაბინეტებში აშშ-ს ცსს-ს მუშაკების ინტენსიური მიმოსვლა, პრეზიდენტის აპარატზე უდიდესი გავლენის მოპოვება.

დღევანდელმა პრეზიდენტმა პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს თქვა — მეტი რაღა უნდოდათო. მაგრამ ადამიანის ბუნება ხომ მიღწეულით არ კმაყოფილდება? მას მეტი უნდა, მითუმეტეს ისეთ ხარბს, როგორიც აშშ-ია.

რა იყო ის მეტი? — საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი მემკვიდრე რუსეთის დაშლა. ამ პროცესს აჩქარებდა ჩეჩნეთში დაწყებული ომი. კოლექტიური დასავლეთის მიერ ჩეჩენი ტერორისტებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსურ-მორალური მხარდაჭერის აღმოჩენა.

აშშ-ს, დიდ ბრიტანეთის, სხვა ე.წ. დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები ისე გაერთნენ ანტირუსული ავანტიურით — ჩეჩენი და მსოფლიო ტერორისტების შესრულებით, რომ ტერორისტებს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები შეარქვეს და ფართოდ გაუღეს საკუთარი რეზიდენციების კარი.

ბეწვზე გადაურჩა რუსეთი დაშლას. და ეს მაშინ, როდესაც მომღიმარე ამერიკელი, ელცინის, სხვათა მხრებზე ხელის თათუნით და ტკბილი სიტყვებით, მშვენივრად ახერხებდა დასავლელთა მზაკვრული ფასადის მიღმა არსებული, ასევე მზაკვრული გეგმების განხორციელებას.

ყოფილ საბჭოელებს, გულუბრყვილოებსა და დასავლელთა ცინიზმის გამოცნობის უმეცრებს, ხიბლავდა ამერიკელთა ღიმილი, „მაღალი რასის“ ადამიანებთან ურთიერთობა, მათსავით ამერიკული საღეჭი რეზინების ცოხნა, ამერიკული ჯინსებით კეკლუცი, სხვა მრავალი მიუღებელი, სამარცხვინო, დამამცირებელი.

საღეჭ რეზინაზე გაყიდულმა რუსულმა პოლიტელიტამ, ისე, როგორც ე.წ. ინტელიგენციამ, გააათმაგა (ამერიკელთა მოთხოვნით) წარსული ისტორიის ლანძღვა-გინება, სტალინის მოთხრა.

დაიწყო ე.წ. მეხუთე კოლონის ხელახალი აღორძინება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ანტირუსულად მომართვა და კრემლის წინააღმდეგ წაქეზება; რუსეთში შემავალი რეგიონების დამოუკიდებლობისკენ წაქეზება, საბჭოთა სამრეწველო და სამხედრო კომპლექსების უცხოელებზე მიყიდვა. დაიწყო რუსეთის რღვევის პროცესი, რომელშიც კოლექტიური დასავლეთის წვლილი უკიდეგანო იყო.

მას წვრთნა უკვე გავლილი ჰქონდა მრავალეროვან იუგოსლავიაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული, 1999 წლამდე. კულმინაცია ბელგრადის დაბომბვა იყო.

ვინ დაუსვა წერტილი რუსეთის სახელმწიფოს ნგრევას? — დღევანდელმა პრეზიდენტმა პუტინმა. მას დასაწყისში არ ჰქონია მტრული განწყობა კოლექტიური დასავლეთის მიმართ, მაგრამ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ რუსეთი დასავლეთს ჩაეთვალა არა ხელწამოსაკრავ ქვეყნად, არამედ თანაბარ პარტნიორად, განუხორციელებელ მცდელობად დარჩა.

რუსეთი, გლობალიზაციაში ჩართული მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა, დასავლეთის მიერ მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებელ ქვეყნად გამოცხადებული, ვერ ახერხებდა მისთვის შესაბამისი ადგილის დაკავებას.

მას „დიდი შვიდეული“ არ აქცევდა ყურადღებას, არ მიიჩნევდა რა თავის ტოლ ქვეყნად, თუმცა მზაკვრული ინტერესი მისი სიმდიდრეების მიმართ ყოველთვის ჰქონდა, რაც დღენიადაგ უღვივებდა მოსაზრებას სამხედრო ძალით რუსეთის განადგურების, დაჩოქების, დამონების.

რუსეთის უსაფრთხოების თემა, განსაკუთრებით ნატოს აღმოსავლეთით ახალი გაფართოებით, კრემლის უდიდეს ყურადღებას და რაც მთავარია დიდი ფინანსების ხარჯვას მოითხოვდა, რამაც ახალი ძალით აამოქმედა პუტინი და მისი გუნდი.

მათ მიერ შედგენილი წინადადებები, წარდგენილი ამერიკა-ნატოსთვის, არც ამჯერად აღწევს მიზანს, თუ არ ჩავთვლით მხარეთა ზედაპირულ შეხვედრებს ჟენევაში. შეხვედრებს აზრთა გაზიარებისთვის და არა მოლაპარაკებებს, რომლებსაც წერტილი დაესვა 24 თებერვალს რუსეთის მიერ სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებასთან ერთად.

რატომ დაიწყო რუსეთმა სამხედრო ოპერაცია? — მარტივი მიზეზის გამო. რომ არა 24 თებერვალი, იქნებოდა 15 მარტი, ანუ უკრაინის არმიის შეტევა დონეცკსა და ლუგანსკზე. 150000-იანი ჯარი მზად იყო დონბასის ასაოხრებლად.

რუსეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება და როგორც ჩანს კრემლში მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად დამთავრდება. ფაშისტური უკრაინისგან დასავლეთის მიერ გამოძერწილი ანტირუსეთის ქანდაკება იშლება და მასთან ერთად 1945 წელს შექმნილი მსოფლიო წესრიგი.

1946 წელს აშშ-ს პატარა ქალაქ ფულტონში, „დიდი სამეულის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა „რკინის ფარდა“ ჩამოაფარა საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს, და დაიწყო ახალი ომი, „ცივად“ შესული ისტორიაში, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე გასტანა.

მაგრამ რა არის „ცივი“, რომელსაც მიზნის მიღწევა არ შეუძლია. მიზანი კი მდიდარი რუსეთია. მხოლოდ „ცხელს“ ძალუძს ტერიტორიული ნადავლის მოპოვება. და აი, სწორედ აქ, დასავლელთა ტვინებში აღორძინდა ფაშისტი უკრაინელის სახე — ფაშისტი ბანდერას გამოსახულებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ათასობით ბანდერელი ხომ აშშ-ა ამერიკა-კანადაში წაიყვანა და სამომავლო ბინძური ანტისაბჭოური გეგმების განხორციელებისთვის შემოინახა.

ბანდერელების ნაწილი, რომლებიც საბჭოთა სისტემას სამამულო ომის დამთავრების შემდეგაც ეომებოდნენ — ტყეში გავარდნილი პარტიზანობით, საბჭოეთის ხელმძღვანელმა ხრუშჩოვმა შეიწყალა და მშვიდობიანი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მისცა.

მაგრამ ძნელი გამოდგა მგლის მორჯულება. ბანდერელთა ოჯახში დაბადებულმა და აღზრდილმა ახალმა თაობამ, დედის რძესავით შეითვისა ბანდერელთა ფაშისტური მსოფმხედველობა, რომელსაც ფართო გასაქანი მიეცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

კრემლის მიერ ნაბოძები დამოუკიდებლობა ბევრმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, მათ შორის უკრაინამ და საქართველომ, ჯეროვნად არ შეაფასა და ნაცვლად პატივისცემისა, ფურთხით და ზიზღით გადაიხადეს სამადლობელი — ერთმა, 2008 წელს, ცხინვალის ომით, მეორემ, წელს — დონეცკ-ლუგანსკის „მოთვინიერების“ სურვილით. ორივეს, მათდა სამწუხაროდ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

ორივეს უკან იყვნენ და არიან ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ნატოს სახით. სწორედ მათ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ვიდრე უკრაინა-საქართველოს — 30 წლის განმავლობაში ე.წ. პარტნიორობის ყმებს. ორივენი იყვნენ და არიან ბრმა იარაღი აშშ-ს ხელში, რაც მათ, სამწუხაროდ არ იციან.

რა მიიღო უკრაინამ? რუსეთს ჯერ არ დაუმთავრებია სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ხელოვნურად შეკოწიწებული უკრაინა დაიშლება. ეს იქნება დემილიტარიზებული და დენაციფიცირებული ქვეყანა, რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული.

კოლექტიურ დასავლეთს, რომელსაც რუსეთის დაშლა უკრაინის ხელით უნდოდა, არ გაუმართლა, მაგრამ გაუმართლა მსოფლიოში 1945 წლიდან შექმნილი წესრიგის დაშლაში. აშშ-ი — მსოფლიო ჰეგემონიზმის სურვილით შეპყრობილი, ისევ რჩება ჰეგემონად — ჯუჯა  ჰეგემონად, რომლის არეალი ამერიკა-ევროპით შემოიფარგლება და მხოლოდ.

დანარჩენი მსოფლიო — რუსეთ-ჩინეთ-ინდოეთ-ირანის, ასევე სხვა დამოუკიდებელი ქვეყნების სახით, სხვა პოლიტიკურ სისტემას ჩამოაყალიბებენ და მასთან ერთად, სხვა ეკონომიკას, სხვა მონეტარულ სისტემას, სადაც დოლარის კულტი წაშლილი იქნება.

ბაიდენი უდავოდ შევა ისტორიაში, როგორც დამანგრეველი არა მარტო მსოფლიო წესრიგისა, არამედ ეკონომიკის, მონეტარული სისტემის, სხვა ვითომ სიკეთეების, რომლებსაც აშშ-ი თავს ახვევდა მის მიერ დამონებულ მსოფლიოს.

სად ვიქნებით ჩვენ — 30 წლის განმავლობაში ამერიკელთა ხელში ქცეული არარაობა? ამ კითხვაზე პასუხს შემდეგ სტატიაში გავცემ. მაშ ასე, მომავალ შეხვედრამდე, პატივცემულო მკითხველო.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი