ელენე გიორგაძე: ,,ქმრის გარდაცვალების შემდეგ სამსახურსაც დავანებე თავი, სახლში ჩავიკეტე” – ცნობილი ექიმის ბედნიერება და ტრაგედია

ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენე გიორგაძე უდიდეს ტკივილს ატარებს, მან თავისი ცხოვრების დიდი სიყვარული, თანამეცხედრე დაკარგა.

,,საფლავზე ხშირად დავდივარ, ძირითადად ფეხით მივუყვები გზას. ამ დროს ვიხსენებ ერთად გატარებულ დროს. ვფიქრობ მასზე, ვესაუბრები და ასე გადის დრო”, – უთხრა ,,სარკეს” ქალბატონმა ელენემ და თავის ოჯახურ ცხოვრებაზე, ქალურ ბედნიერებაზე უამბო:

– ჩვენი ოჯახი დიდ სიყვარულზე აშენდა. ვასიკომ (ენდოკრინოლოგი, ქირურგი, პროფესორი ვასიკო ჩაჩიბაია, ავტ.) მოსკოვში დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, შემდეგ ლენინგრადში – სადოქტორო.  ერთმანეთს თბილისში შევხვდით 15 წუთით და, როგორც შემდეგ მითხრა, ეს 15 წუთი იყო მშვენიერი და ამაღელვებელი სიყვარულის დასაწყისი.

წელიწადნახევარი იყო ჩემი დაუღლელი, უზომოდ ყურადღებიანი თაყვანისმცემელი. შემდეგ დავქორწინდით. უბედნიერესი ოჯახი გვქონდა. ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. არა მარტო პროფესიული ერთობა, არამედ ყველა საკითხში ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდა. ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი არ ვიყავით, მუდმივი შეყვარებულობა გრძელდებოდა. ყოველ შაბათ-კვირას ჩავსხდებოდით მანქანაში, ვათვალიერებდით საინტერესო ადგილებს, მონასტრებს. შემდეგ დავსხდებოდით კაფეში და ერთმანეთით ვტკბებოდით.

თავიდან დიდი ფინანსური საშუალებები არ გვქონდა, მაგრამ არასდროს დაგვიზოგავს ფული, რომ ერთად ყავა დაგველია ან რესტორანში გვესადილა… სიმპათიური იყო. სანამ შევუღლდებოდით, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში პოპულარული იყო. შეუღლების შემდეგ გვერდზე არ გაუხედავს, ერთგულება იყო მისი გამორჩეული თვისება.

ხუთი წლის წინ ონკოლოგიური დიაგნოზით გარდაიცვალა. ჩემთვის თავზარდამცემი იყო მისი წასვლა ამქვეყნიდან. ისეთი დეპრესია დამეუფლა, ყველაფერს ჩამოვშორდი, სამსახურსაც დავანებე თავი და სახლში ჩავიკეტე.

ერთი წლის შემდეგ ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, დედა, მამა დავკარგეთ, ერთი წელია, გიყურებთ, რა დღეში ხარ, სულ უკან-უკან მიდიხარ. ყოველ დილით შიშით ვიღვიძებ, რამე არ დაგემართოს, ჩვენ დედა გვჭირდება ცოცხალიო. ამან გამომაფხიზლა. ჩემი შვილები ნამდვილად ძალიან ახალგაზრდები იყვნენ იმისთვის, რომ ორივე მშობელი დაეკარგათ. დავძლიე ჩემი მწუხარება, დეპრესია და დავუბრუნდი პროფესიულ საქმიანობას.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”