ჩვენი შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია, ეროვნული პოლიცია და დაზვერვა შესანიშნავად მუშაობს, მადლობა მათ! – ზელენსკი

უკრაინაში არსებული ვითარება, ღამის ტრადიციული მიმართვისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჯამა.

მისი თქმით, რუსული არმია ძალების იმ ტერიტორიაზე გადანაწილებას ცდილობს, სადაც უკრაინას მათი მოგერიება შესაძლებელია გაუჭირდეს. უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვას, ეროვნულ პოლიციასა და გვარდიას, სამშობლოს დაუღალავი დაცვისთვის, მადლობა გადაუხადა

„ჩვენ ვიცით მათი ჩანაფიქრი. ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ. ვიცით, რომ იმ მიმართულებებიდან გადიან, სადაც მათ დარტყმას ვაყენებთ, რათა ყურადღება გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე, იქ, სადაც შეიძლება, ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდეს. დამპყრობლები თავიანთ ავადმყოფურ კრეატივს მიმართავენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისკენ, ცდილობენ მოაწყონ იქ თავიანთი გაუგებარი სტრუქტურები, ცდილობენ მოიფიქრონ, როგორ გააძლიერონ იქ ყოფნა. რა თქმა უნდა, ამას არანაირი პერსპექტივა არ ექნება: რაც უფრო მეტად გამოიჩენენ აქტიურობას, მით უფრო სერიოზული იქნება საბოლოო ჯამში თავად რუსეთის, თავად რუსების ზარალი, რადგან სხვა ვინ გადაიხდის უცხო მიწის ოკუპაციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანისთვის უაღრესად სასიამოვნოა ახალი ამბების წაკითხვა იმის შესახებ, რომ უკრაინის ქალაქები თანდათან თავისუფლდება ოკუპანტებისგან. ასეც არის. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ეროვნული პოლიცია და ეროვნული გვარდია, დაზვერვა შესანიშნავად მუშაობს. მადლობა მათ! კიევის ჩრდილოეთით, ჩერნიგოვის მიმართულებით, სუმის ოლქში, გრძელდება ოკუპანტების განდევნა. მათ თავადაც იციან, რომ ვეღარ გაუძლებენ საომარი მოქმედებების სიმძაფრეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.