რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებისა შეუწყვიტოს გაზის მიწოდება იმ ქვეყნებს, ვინც მის საფასურს რუბლში არ გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, პუტინის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საპასუხო რეაქციაა კრემლის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სანაცვლოდ.
ცნობისთვის, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობარმა“ ქვეყნებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებათ.
დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის რუსული გაზის ყველაზე დიდმა იმპორტიორმა გერმანიამ უარი თქვეს საფასურის რუბლში გადახდაზე, მათი განმარტებით, ეს კონტრაქტის დარღვევაა, რომლითაც ღირსებულების გადახდა ევროში არის განსაზღვრული.