“არ მინდა, დავიჯერო, რომ რომელიმე პარტნიორი გვეთამაშება, ან ის, რომ ბაიდენს პუტინის ეშინია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox news-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, დღის წესრიგიდან მოხსნას ყირიმის საკითხი. მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები წამყვანი ქვეყნებისგან სჭირდება.

„რუსეთთან ჩვენს ტერიტორიაზე ვაჭრობას არ ვაპირებთ. არსებობს რთული საკითხები დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ჩვენ მზად ვართ დღის წესრიგიდან მოვხსნათ ისეთი საკითხი, როგორიცაა ყირიმი. ყირიმის დეოკუპაცია დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას, მაგალითად, დაახლოებით 10 წლის შემდეგ.

ჩვენ უსაფრთხოების შესახებ გარანტიები წამყვანი ქვეყნებისგან გვჭირდება. ეს შეიძლება იყოს, როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი ქვეყანა. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებზე. გვსურს, ეს ქვეყნები ღიად შემოგვიერთდნენ, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი. ეს არასრული ჩამონათვალია, სადაც გვინდა ვიხილოთ, ასევე, ჩინეთიც. რუსეთსაც სურს, ამ შეთანხმებაში თავისი ადგილი იპოვოს, რადგან ეს უკრაინა რუსეთს შორის შეთანხმებაა. ამ ალიანსში უკრაინის უსაფრთხოების გარანტორად ყოფნა სურს გარკვეულ სახელმწიფოებს, მათ შორის, ისრაელს, ირლანდიას… მე არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩვენი რომელიმე პარტნიორი გვეთამაშება, ან ის, რომ ბაიდენს პუტინის ეშინია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.