რატომ დაასრულა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ერთ საქმეზე წარმოება

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ერთი საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის მხარის ინფორმაციით კი, სამინისტრო ფაქტებით მანიპულირებს.

სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.

“ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან მიმართებით არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას.

ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში, სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად დაცულია მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები. მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

 

“ნეტგაზეთი”