რუსეთის შეიარაღებული ძალები – რუსეთმა უკრაინის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„უკრაინის ცენტრალურ ქალაქ კრემენჩუგში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მსროლელი საჰაერო და საზღვაო იარაღით დაესხნენ თავს“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც კონაშენკოვმა განაცხადა, რუსეთის სამხედროებმა გაანადგურეს საცავი, სადაც ბენზინი და დიზელის საწვავი ინახებოდა, რომლებიც უკრაინულ ჯარებს ამარაგებდნენ ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში.

მისი თქმით, რუსეთმა ასევე მიაყენა დარტყმა სამხედრო აეროდრომებს პოლტავასა და დნიპროში.

უკრაინის პოლტავას რეგიონის გუბერნატორი დმიტრო ლუნინი, სადაც ქარხანა მდებარეობს, აცხადებს, რომ სამმა რუსულმა თვითმფრინავმა საჰაერო იერიში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე განახორციელა. მისი თქმით, უცნობია დაშავდა თუ არა თავდასხმის შედეგად ვინმე, მაგრამ სასწრაფო დახმარების სამსახურები ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობენ.