საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. სასჯელი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ს.ყ.-მ მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანება მიაყენა ტ.კ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ს.ყ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
“რუსთავი2”