ირაკლი კობახიძე – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
როგორც კობახიძემ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ეს არის ბრალდება, რომელიც ძალიან მძიმე მოვლენაა“.
„ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ. მათ შორის იგივე ელჩის გაწვევის სახით. ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არა ერთხელ ვთქვი, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან, რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ამასაც რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უკრაინელი მეგობრების, სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესების რეალიზებაში.
როდესაც ერთ ქვეყანაში ადამიანი არის რადიკალურ ოპოზიციაში და მეორე ქვეყანაში არის ხელისუფლების ნაწილი, ნებისმიერი ალოგიკური ნაბიჯი ასეთ დროს ბუნებრივია, მოსალოდნელია და ეს არის სამწუხარო უნიკალური მოცემულობა, რაც ახასიათებს დღევანდელ რეალობას. გამოსავალი იქნებოდა, რომ წლების მანძილზე ვთხოვდით უკრაინის ხელისუფლებას, ეს ადამიანები, რომლებიც ყველგან ურევენ ვითარებას, სადაც კი შეუძლიათ, ამ შემთხვევაში, უკრაინაშიც მხოლოდ ამაში შეაქვთ წვლილი, სიტუაციის არევაში, ეს ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც არიან. მათ შორის სააკაშვილი დღემდეა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი უკრაინის ხელისუფლებაში, ფორმალურად, თუ არა ფორმალურად.
როგორც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე თავად უკრაინისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის, ბუნებრივია, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, სხვა არჩევანი გააკეთა და დღესაც, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები არიან ამ ხელისუფლების ნაწილი, რაც სამწუხაროდ, უკრაინას არ წაადგება იმ მძიმე ვითარებაში, რომელიც დღეს არის შექმნილი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: ptn.ge