კონტაქტური კარატე – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
პოლონეთის ქალაქ ტარნოვში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, სადაც კონტინენტის 22 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ათლეტით ასპარეზობდა.
საქართველოს მონაგარი შარშანდელი ისტორიული შედეგის ანალოგიური გამოდგა. რაც მთავარია, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ყველა ქართველმა გამარჯვებულმა ტიტულის დაცვა ღირსეულად შეძლო. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.
პირველმა ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ქალმა კარატისტმა, თეონა გაზდელიანმა, შარშანდელი ტიტული შეინარჩუნა და -55კგ წონით კატეგორიაში, იგი უკვე ევროპის ორგზის ჩემპიონია.
-65კგ-ში ქართული ფინალი შედგა. ანდრეი ზინჩენკო ევროპის ხუთგზის ჩემპიონია, ხოლო მინდია მგელაძე დიდებში ვერცხლის მედალოსანი პირველად გახდა.
-75კგ. წონაში ჩემპიონობა არავის დაუთმო ლაშა ოზბეთელაშვილმა, რომელმაც თავის სპორტულ კარიერას ევროპის ჩემპიონატის მეორე ოქროც შემატა.
+95 კგ. პრესტიჟულ წონით კატეგორიაში ლაშა ყამარაული ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე, 22 მონაწილე ქვეყნიდან, მედლების მოპოვება 13-მა ქვეყანამ შეძლო, მათ შორის ოქროს მედალი ექვსმა ქვეყანამ აიღო. საერთო პირად-გუნდურ ჩათვლაში კი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, კონტინენტის მთავარ შეჯიბრებაზე, ლიეტუვის შემდეგ, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო კატეგორიის ორი ქართველი არბიტრიც მსაჯობდა – ვლადიმერ შენგელია და დავით ცერცვაძე.
წინ მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც სექტემბრის ბოლოს ასევე პოლონეთი მასპინძლობს, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ისტორიაში პირველად, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, 6 ლიცენზიანტი ეყოლება.
აქვე მოგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ევროპის კარატეს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეაც ჩატარდა, სადაც მომავალი ჩემპიონატების მასპინძლები გამოვლინდა. 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს შვედეთის ქალაქი გიოტებორგი, ხოლო 2024 წლის ჩემპიონატს ესპანეთის ქალაქი ვალენსია უმასპინძლებს. რაც შეეხება ახალგაზრდულ ევროპირველობას, წლეულს 3-4 ნოემბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება, ხოლო მომდევნო 2023 წელს – უნგრეთის ქალაქი დებრეცენი.
წყარო: 1tv.ge