წინა სტატიაში შეგპირდით იმ საკითხზე საუბარს, რაც საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა. საით მიდის ან უფრო სწორად საით გასწევს საქართველო უკრაინის მოვლენების დამთავრების შემდეგ. რუსეთის მიერ უკრაინის საკითხის მოწესრიგებას, უდავოდ მოჰყვება მისი პოლიტიკის სხვაგვარი მიდგომა ნატოს მოტრფიალე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. რუსეთი აღარ დაუშვებს ნატოს პარპაშს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ნატოს სამხედრო მანევრებს ჩვენთან და სხვას, მრავალს, რუსეთი რომ მისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მომთავრების შემდეგ სხვაგვარ მსოფლიოს მივიღებთ. რაღა მომავალში, უკვე მივიღეთ. მომავალში გახლეჩილი მსოფლიოს ახალი სისტემის ჩამოყალიბება დაიწყება, რომელიც კარგა ხანს გასტანს. ერთპოლუსიანი სამყაროს ნაცვლად, მრავალპოლუსიანში მოგვიწევს ცხოვრება, რომლის ერთ-ერთი პოლუსი რუსეთი იქნება, თავისი გავლენითა და ინტერესებით, უპირველესად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ამჯერად დამოუკიდებელ ქვეყნებში.
მოსალოდნელი ცვლილების შეუმჩნელობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყველაფერი ლანგარზე გვიდევს, არა მარტო პოლიტიკური მხედველობის დაქვეითებაზე მიგვანიშნებს, არამედ გონებრივზეც. რა მაქვს მხედველობაში? უფრო სწორად, ვინ მყავს მხედველობაში?
საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ევროპული ლაშქრობის შემდეგ ისეა ახურებული, დღეს არ ტოვებს ახალ-ახალი განცხადებების მოსახლეობისთვის თავზე მოსახვევად. ერთ-ერთი ბოლო გამოსვლის დროს მან მხარი დაუჭირა უკრაინის ხელისუფლებას თავისუფლებისთვის ბრძოლაში და თქვა, რომ უკრაინა არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის იბრძვის, და ექსტაზში შესულმა, საქართველოს, მთელი მსოფლიოც მიუმატა (გულუხვია სალომე, მისგან რა მიდის?). „უკრაინა მსოფლიო დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“ — ასეთი იყო ზურაბიშვილის რევოლუციური „სპიჩი“.
იყო სხვა „მარგალიტებიც“ მის გამოსვლაში, მაგალითად ნატოში შესვლა. ტექსტი ასეთი — ჩვენ რომ ნატოში ვყოფილიყავით, უფრო გულადად ვილაპარაკებდით, ანუ ყოველგვარი შიშის გარეშე, რამეთუ მტარვალი რუსეთი ვერაფერს გაგვიბედავდა. ალბათ ნატოს წესდების მე-5 პუნქტის გამო. ეს არ უთქვია, მაგრამ იგულისხმებოდა.
იყო მონატრებაც მის გამოსვლაში — მაღალი რანგის უცხოური დელეგაციების საქართველოში ვიზიტების განხორციელება. გაგვახსენა აშშ-ს პრეზიდენტი ბუში უმცროსის თბილისში ჩამოსვლა. რა კარგი იყოო — არ უთქვია, იგულისხმა, ჩვენში იმ „სანატრელი“ ვიზიტის გამეორების სურვილის აღძვრისთვის.
ზურაბიშვილის გამოსვლის გარჩევა არ შედის ჩემს გეგმაში, მაგრამ რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიტყვი: საქართველოს ნატოში რომ არ იღებენ, სხვა უამრავი ნეგატიური არგუმენტების გარდა ისიცაა, რაც ზურაბიშვილმა თქვა — ნატოში რომ ვიყოთ, უფრო გულადად ვიტყოდითო.
ბრიუსელს ჰგონია, რომ ისეთი არასტაბილური პოლიტიკური აზროვნების ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ნატოში ყოფნის შემთხვევაში, ომს დაუწყებდა რუსეთს, ნატოს დახმარების იმედით, რაც ჯერ-ჯერობით ნატოს გეგმებში არ შედის.
რამდენად ბეცი უნდა იყოს ზურაბიშვილი, რომ ამ ჭრილში ვერ დაინახოს უკრაინის შავბნელი მდგომარეობა?!
ნატომ არაერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტში არ ჩაერევა, არც საჰაერო სივრცეს დაკეტავს, არც სამშვიდობოებს შეიყვანს უკრაინაში და ა.შ.
რაც შეეხება მაღალი რანგის დელეგაციების ჩამოსვლას, უფრო სწორად – მოწვევას, აქაც ქალბატონი პრეზიდენტი სიბეცეს ავლენს. ვის-ვის და მას მოეთხოვება, იცოდეს, რომ ამ აბურდულ მსოფლიოში ზარ-ზეიმის გამომხატველი ვიზიტები მიუღებელი და ამორალურია, მითუმეტეს მშიერ-მწყურვალე საქართველოში.
100-200 კაციანი ვიზიტების მასპინძლობა ძვირი უჯდებოდა საქართველოს. შედეგი — ნული. როგორც ქვეყნის პროტოკოლის სამსახურის ყოფილ უფროსს, კარგად მომეხსენება მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობა საქართველოსთვის. ხმაური დიდი, შედეგი – ნაკლები.
და კიდევ ერთი რამ ზურაბიშვილის „სპიჩიდან“— უკრაინა იბრძვის საქართველოს, მთელი მსოფლიოს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. რაო, რაო? როგორც ჩანს, პრეზიდენტმა არ იცის დღევანდელი უკრაინის შიდაპოლიტიკური სისტემა, რომელიც რახანია ნეოფაშიზმს ეფუძნება. თუ იცის, მაშინ თვით პრეზიდენტია ისეთივე, როგორიც დღევანდელი უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება.
სხვათა შორის ზურაბიშვილისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის მოსაზრება უკრაინის ფაშიზმთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზელენსკისთან მიმართებაში, ემთხვევა ერთმანეთს. აი, რა თქვა ბაიდენმა ვარშავაში გამართულ მიტინგზე — ზელენსკი ებრაელია და არ შეიძლება იყოს ფაშისტიო.
კეთილი, მაგრამ გერმანელი ფაშისტების სამსახურში არაერთი ებრაელი იყო, რომელთაც გერმანელები „სასარგებლო“ ებრაელებს ეძახდნენ.
როგორც ჩანს არ იცის ბაიდენმა ეს. მან არც ის იცის, რომ უკრაინის სკოლებში პირველი კლასიდან ბავშვებს ისეთი სახელმძღვანელოებით ასწავლიან, სადაც ჰიტლერი, ბანდერა, შუხევიჩი, სხვა გერმანელ-უკრაინელი ფაშისტები პატრიოტებად არიან გამოყვანილი.
ბაიდენი, ისე, როგორც მთელი ევროპა, თვალს ხუჭავდა ბანდერელთა ნაცისტურ მარშებზე კიევისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ფაშიზმის სახელით უკრაინელი ხალხის დამონებას, რუსული ენის დევნას, 2014 წლიდან მოყოლებული დონეცკისა და ლუგანსკის გამუდმებულ დაბომბვას, რომელმაც 15000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
არც ბაიდენს და ალბათ, არც ზურაბიშვილს თვალი არ შეუვლიათ ფაშიზმით გახელებული უკრაინელი ბანდიტების სვასტიკებით აჭრელებული შიშველი სხეულისთვის. ასეთის დემონსტრირება ხომ მათი სიამაყის გამომხატველია!
მათ არც ასეთი მოწოდებებისთვის მოუკრავთ ყური, მიტინგებზე შეკრებილი ბრბო რომ ხმის ჩახლეჩამდე ბღაოდა — „მოსკალიატა, მოგილიატა“.
მათ ეს არ ადარდებთ და რატომ? მარტივი მიზეზის გამო — ფაშიზმი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული — გამართლებულია.
ასე იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ევროპის შუაგულში ფაშიზმი დაიბადა და იხარა. მაშინაც მთელი ევროპა ტაშს უკრავდა გერმანიის ფაშიზმს, იარაღით ამარაგებდა და საბჭოთა კავშირის დანგრევისკენ მოუწოდებდა. მაშინ არა მარტო ევროპამ, არამედ მსოფლიომ დიდი საზღაური გაიღო ფაშიზმის მხარდაჭერისთვის. საბედისწერო შეცდომა დღესაც, ფაშიზმის დამარცხებიდან 77 წლის შემდეგ, მეორდება, ამჯერად უკრაინის ფაშიზმის აღორძინებით, მისი იარაღით აღჭურვით, „ბოევიკების“ უკრაინის ფრონტზე გაგზავნით. სამწუხაროდ, მათ რიცხვში ქართველებიც არიან.
საქართველოში, ცალმხრივი პროპაგანდის შედეგად, ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლებად ინათლებიან — პატრიოტებად, ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებად.
რასთან გვაქცს საქმე თუ არა გამრუდებულ აზროვნებასთან? ფაშისტებთან, ბანდერელებთან გვერდიგვერდ მეომარი ვერაფრით გახდება პატრიოტი ქართველი. მათი პაპები ხომ სწორედ ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ 1941-45 წლებში და ფრონტზე წასული 750000 ქართველიდან 350000 ფაშიზმის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოხლო ომს შეეწირნენ?!
იცის ეს ქალბატონმა სალომემ? თუ იცის და თავს იტყუებს, თან ჩვენც გვატყუებს, უზნეო საქციელია.
ქართველ სნაიპერებს დიდი წვლილი რომ აქვთ შეტანილი 2014 წლის მაიდნის გადატრიალებაში, თვით განუცხადეს იტალიელ ტელეჟურნალისტებს დოკუმენტური ტელეფილმის გადაღებისას. მათი განცხადებით, ისინი უკრაინაში სააკაშვილმა ჩაიყვანა. მიზანი იყო მარტივი — მოედანზე შეკრებილი ხალხის დახოცვა და ამით იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობა.
ფილმში მონაწილე თითქმის ყველა ქართველი სნაიპერი ნანობს ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც შეპირებული თანხა სრულად ვერ მიიღეს. ნახა ეს ფილმი ზურაბიშვილმა? და თუ ნახა, მათ ქართველი გმირები ჰქვიათ?
ნახა ზურაბიშვილმა ოდესის პროფკავშირების სახლში შეყრილი ხალხის დაწვის ამსახველი ტელესიუჟეტები, რომლებმაც მთელი მსოფლიოს ტელეეკრანები მოიარა?
ამის შემხედვარემ, უკრაინის ხელისუფლებას, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლობა უნდა დააბრალოს?
ახლა, რაც შეეხება აშშ-ს მიერ მთელი მსოფლიოს ანტირუსული პროპაგანდით გაბერვას. აშშ-ი და მისი მოკავშირე ევროპა მილიონებს ხარჯავს ანტირუსულ კამპანიაში. ისინი არც ჩვენ გვივიწყებენ და მსუყე თანხებს გვიყოფენ ე.წ. დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების განმტკიცებისთვის, განსაკუთრებით რუსული „პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის. შედეგი? ფენომენალური — საქართველოს მოსახლეობის 82% მხარს „საწყალ“ უკრაინას უჭერს და გმობს „ფაშისტი“ პუტინის შეჭრას უკრაინაში.
ანტირუსული განწყობა სუფევდა ევროპაში ბაიდენის ვიზიტის დროს. ევროკავშირი, ნატო, ევროპული სხვა ინსტიტუტები, რომლებიც თავფეხიანად ჩაბარდნენ ოკეანისგადაღმელ ბატონს, ცდილობდნენ აშშ-ზე მეტ რუსოფობად გამოევლინათ თავი.
ანალოგიური სიამტკბილობა სუფევდა „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, ევროპული ინსტიტუტები თითქოს ერთ ანტირუსულ ინსტიტუტად გადაკეთდა. სამომავლოდ მათთვის უმჯობესი იქნებოდა ერთი სახელის დარქმევა — რუსეთმოძულე კავშირი. აი, ამ კავშირში ლამობს ზურაბიშვილი თავის შეყოფას?
ლამობს, მაგრამ არ გამოსდის, ვინაიდან, როგორც ჩანს მარტო რუსოფობია საკმარისი არ არის ნატო-ევროკავშირში შესასვლელად. უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა ნუთუ ვერ უნდა დაგვანახოს პოსტუკრაინული მსოფლიო? ამ ორგანიზაციების ბუტაფორიულობა გარდაუვალი იქნება, ისე, როგორც 24 თებერვლამდე არსებული მსოფლიო წესრიგის.
ნუთუ, ძნელია იმის გამოცნობა, რომ მსოფლიო სხვა იქნება — მრავალი პოლუსით და ერთ-ერთი ამ პოლუსთაგანი რუსეთი იქნება?
ნუთუ, ძნელია იმის აღქმა, რომ მსოფლიოს ტერიტორიის ერთი მეექვსედის და უმდიდრესი წიაღისეულის მფლობელი რუსეთი მუდამ იქნება ტალღების წვერზე და არა ტალღებში ჩაყურყუმალებული?
წარმატებულია ის, ვისაც სიმდიდრე აქვს არა ბანკებში დაგროვილი დოლარების, არამედ ბუნების მიერ ნაბოძები წიაღისეულის სახით.
ზურაბიშვილი ამას ვერ ხედავს — საერთო გეოპოლიტიკური განათლების უქონლობა არ აძლევს მას რეალობის აღქმის შესაძლებლობას. ამიტომაც დაბეჯითებით ცდილობს შეგვაერთოს დაშლის პირას მყოფ ევროპულ ინსტიტუტებთან, მიუხედავად იმისა რა მწარე სინამდვილის წინაშე დააყენეს ამ ინსტიტუტებმა, კერძოდ ევროკავშირმა, უკრაინა — განწირული ხმით რომ ეხვეწებოდა ევროკავშირს „ურიგოდ“ შესვლას.
ზელენსკიც რა თავხედია, როდესაც ურიგოდ ითხოვს ევროკავშირში მიღებას?! მას არც ომმა უშველა და არც განწირული ხმით ბღავილმა. არაო! — უთხრეს ერთმნიშვნელოვნად.
მოდით გავიხსენოთ რა თქვეს ევროპელმა ბოსებმა. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი: „შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ პროცედურები იმ ქვეყნის გაწევრებასთან დაკავშირებით, რომელიც ომშია ჩართული? მე, ასე არ ვფიქრობ. მოდით გამოვიჩინოთ სიფრთხილე“.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რიუტე: „დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ვისთანაც მქონდა ლაპარაკი, ამბობენ, რომ დაჩქარებული პროცედურა არ არსებობს. რაც არის მრავალთვიანი, მრავალწლიანი პროცედურაა“.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი პლერკოვიჩი: „ერთი ღამის განმავლობაში ევროკავშირში არვინ მიუღიათ“.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი დე კროო: „ევროკავშირში მიღება მოითხოვს უამრავ რეფორმას, რომელთა გატარების შემდეგ შეიძლება ამ კავშირში შესვლა“.
ლიტვის პრეზიდენტი ნაუსედა: „უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება შეუძლებელია“.
მკითხველმა იცის, რომ უკრაინის თხოვნას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოც გამოეხმაურა — ერთობ უტაქტოდ, გააგზავნა რა ასეთი თხოვნა ევროკავშირში. მას მოლდოვაც მიჰყვა. ორივემ უმალ დაივიწყეს „სამთა ძმობა“. პასუხიც მივიღეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასგან:
„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ქართველი და მოლდოველი კოლეგების მიმართ, მათი განცხადება წააგავს სწრაფ უკრაინულ მატარებელზე ორი ვაგონის მიბმას. ასეთი პოზიცია არ პასუხობს „სამთა“ პარტნიორულ ურთიერთობებს „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში და აშკარად ილუსტრირებს თბილისისა და კიშინოვის ნეგატიურობას იყვნენ ევროპის უსაფრთხოების კონტრიბუტორები“.
ესეც ჩვენ. მოგვიანებით ქართველი პოლიტიკოსების კიევში ჩასვლა და იქ უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვთან მოლაპარაკება ხომ საყოველთავო მსჯელობის საგანი გახდა. დანილოვმა მოგვიწოდა ჩვენ და მოლდოვას გავხსნათ მეორე ფრონტი ჩვენსავე ტერიტორიებზე აფხაზეთ-ოსეთ—დნესტრისპირეთში, რითაც რუსეთის ყურადღებას უკრაინიდან გადავიტანთ.
არის თუ არა ეს განცხადება გულუბრყვილოდ ნათქვამი? უდავოდ, არა! ეს იდეა ალბათ დანილოვის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებსაც ხიბლავთ. და როდის შეასხამენ ფრთებს, არვინ იცის. აქცევს ამას ყურადღებას ზურაბიშვილი?
ვიდრე უკრაინაში მიმდინარე ომი დამთავრდება, მსოფლიო წესრიგის ახალი კონტურების მონახაზი ჩნდება. სად ვიქნებით ჩვენ?
ამ ხელისუფლების და პოლიტიკოსების წყალობით გაურკვეველ მდგომარეობაში, თუმცა ხელისუფლება — ოპოზიციის ქიშპში, ისევ ძველ გზაზე მოსიარულის პოზაში.
ხელისუფლება, ოპოზიციის შიშით ვერ გადადგამს ნაბიჯს — განსხვავებულს, ქვეყნისთვის შვების მომტანს. მას არა მარტო ოპოზიცია აშინებს, არამედ აშშ-ი, ე.წ. ევროპელი პარტნიორები. არადა, სწორედ ახლაა საჭირო ფხიზელი, საღი აზრი და პრაქტიკული ნაბიჯი, ჯერ 3×3 ფორმატისკენ, რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენისკენ, შემდეგ დსთ-სკენ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი