საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დასრულდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დასრულდა.

ვახტანგ გომელაურმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესთან და ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორთან, მარია გამეს გამესთან, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე, რომელმაც ამავე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილესთან – ხოსე ანხელ გონსალეს ხიმენესთან.

 

“იმედინიუსი”