ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია და შედგება სამი საკითხისგან – იარაღი, იარაღი, იარაღი, – ამის შესახებ დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საუკეთესო გზა უკრაინის დასახმარებლად ქვეყნის იარაღით მომარაგებაა, რათა დაამარცხონ პუტინის ჯარი უკრაინაში და საბრძოლო მოქმედებების არეალი არ გაფართოვდეს.
„ამ ერთ თვეში უკრაინელმა ხალხმა და უკრაინელმა ჯარისკაცებმა აჩვენეს მთელ მსოფლიოს რომ ბრძოლა შეგვიძლია, ვიცით როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება, მაგრამ მდგრადი, არსებითი იარაღის მარაგების გარეშე, რომელსაც უკრაინა ითხოვს უკრაინის გამარჯვებას თან მოჰყვება ძალიან დიდი მსხვერპლი. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე მივიღებთ იარაღს, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, მეტ სოფელს, ქალაქს ვიხსნით დანგრევისგან და მხოლოდ ამ შემთხვევაში აღარ იქნება ახალი ბუჩა. დღეს იარაღი მშვიდობის მისაღწევად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ის ქვეყნები რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინას მიაწვდიან თავდაცვით იარაღს და ვერ მიაწვდიან შეტევით იარაღს, არასამართლიანად მსჯელობენ. ეს გაუმართლებელი მიდგომაა. გერმანიამ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო მაგალითად უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გადაცემით, მაგრამ გერმანიას შეუძლია გააკეთოს უფრო მეტი“, – განაცხადა მინისტრმა.
“იმედინიუსი”