ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით განცხადება მიიღო.
ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად განცხადება მიიღო.
განცხადების თანახმად, კომიტეტი იწვევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, თუ საქართველო უერთდება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკასა და სანქციებს, რომლებიც მიმართულია ბელარუსისა და რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ.
„ვწუხვარ, რომ 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებას არ ეყო პოლიტიკური ნება, მიეღო საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად აუცილებელი გადაწყვეტილებები. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შემდგომი აგრესია, ასევე რუსეთის მხრიდან დღევანდელი გამოუცხადებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ზეწოლა სხვა ქვეყნებზე, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, არის ამ პოლიტიკური ნების არარსებობის შედეგი“, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ანდრიკიენემ.
კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული პერსპექტივა და ორივე ქვეყანა არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნე, რომელიც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებისკენ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მეორდება უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ყირიმსა და სევასტოპოლში.
ლიეტუველმა პარლამენტარებმა დაგმეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. ლიდერების ყველა ინიციატივა მიმდინარე ოკუპაციის პირობებში სტატუსის ცვლილების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტ პუტინის მიზანი არის ევროპაში არსებული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განადგურება, ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპებისთვის ძირის გამოთხრა და იმ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა, რომლებიც მიისწრაფვიან ისეთი ალიანსების წევრობისკენ, რომლებსაც ისინი თავიანთი უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მისაღებად მიიჩნევენ“, – განაცხადა ლაიმა ანდრიკიენემ.
მიღებულ განცხადებაში, ლიეტუვის პარლამენტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, თავი აარიდონ ნებისმიერ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუწყონ ევროკავშირის, ნატო-სა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ უკრაინაში აგრესიის გამო დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას.
წყარო: 1tv.ge