ვახტანგ გომელაური თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქ კოლეგას აეროპორტში დახვდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე ესწრებოდა.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, სულეიმან სოილუმ ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რისთვისაც ვახტანგ გომელაურმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, თურქეთს, ჩვენს გვერდით დგომისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მოგეხსენებათ, გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: საზღვრის დაცვა, ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. კარგად გვახსოვს თურქი ხალხის გვერდში დგომა ყოველთვის და ამისთვის, მინდა, დიდი პატივისცემით, კიდევ ერთხელ გულწრფელად გითხრათ მადლობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სამინისტროს ცნობით, თავის მხრივ, სულეიმან სოილუმ აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პლატფორმაზე იცავდნენ, იცავენ და მომავალშიც დაიცავენ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან ნაყოფიერი პირისპირ შეხვედრა გვქონდა. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პლატფორმაზე ვიცავდით, ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ. ეს ეხება ასევე უკრაინასაც. ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენი პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ლიდერობით, ვცდილობთ, შევასრულოთ შუამავლის როლი, რათა რეგიონში და ზოგადად, ამ კონფლიქტში შევასრულოთ დადებითი როლი, რომ რაღაცნაირად დავასრულოთ იგი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მსგავს პოზიციას იკავებს საქართველოს ხელისუფლება და თქვენი ქვეყანა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით“ – აღნიშნა სულეიმან სოილუმ.
მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეების წვლილს ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. თურქულმა მხარემ სამომავლო სამუშაო ვიზიტების და ერთობლივი წვრთნების ჩატარების მზაობა გამოთქვა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საზღვრის დაცვა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლა.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმსა და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება“ – აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართული მხარე საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიპატიჟა.
წყარო: 1tv.ge