“რით ვერ გაიგეთ: ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია, არც საქართველოს და არც თავად უკრაინის მეგობარი არ არის” – ინაშვილი კალაძეს

„მაოცებს კახი კალაძის კომენტარი. მეგობარი ქვეყანა ომშია და ნეიტრალიტეტზე ამიტომ, თურმე, არ უნდა ვილაპარაკოთ. ამ დროს მეგობარი ქვეყანა ნეიტრალიტეტსაც იხვეწება და პუტინთან შეხვედრასაც.

ეს მეგობარი ქვეყანა ომში გითრევს და რით ვერ გაიგეთ, რომ ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია, არც საქართველოს და არც თავად უკრაინის მეგობარი არ არის. ვიმეორებ: ორი თვის წინ რონ დაეწყო ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი, თავის ქვეყანას ომს ააცილებდა“, – წერს პატრიოტთა ალიანსის რუსეთში მყოფი ლიდერი ირმა ინაშვილი.

კახა კალაძემ 7 აპრილს იკითხა, “რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება? [რუსეთში] ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია”.