რუსეთი ისევ აცხადებს, რომ საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი რუსეთისთვის საშიშროებას წარმოადგენს, ამჯერად, “გადამტანი მწერების” სახით.
“გამოქვეყნებული მასალები საშუალებას გვაძლევს ახლებურად შევხედოთ რუსეთის სამხრეთით არსებულ ბიოლოგიურ სიტუაციას”, – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფის უფროსმა იგორ კირილოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
როგორც რუსული სახელმწიფო გამოცემა tass წერს, კირილოვმა გამოსვლის დროს სლაიდზე წარმოადგინა “ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება 2007 წლიდან საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპასა და ჩინეთში”.
“აღნიშნული სახელმწიფოების ტერიტორიებზე ცხოველების სინჯებში აღმოჩენილია ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის შტამები, რომელიც იდენტურია “საქართველო-2007″ შტამის. დიდი ალბათობით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს შტამი შექმნილი იყო პენტაგონის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ბიოლაბორატორიაში”.
მისივე თქმით, “ლუგარის სახელობის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში განსაკუთრებით უარესდება სიტუაცია, რომელიც გადამტანი მწერების მიერ დაავადებების გავრცელებას უკავშირდება”.
რუსული მხარე აცხადებს, რომ სხვადასხვა სახეობის მწერთა გავრცელების არეალი იცვლება და ის მწერeბი, რომლებიც აქამდე მხოლოდ სამხრეთ ქვეყნებში არსებობდნენ, დღეს უკვე საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეინიშნებიან.
მოსკოვის წარმომადგენლის მტკიცებითვე, ჰაერში დაავადებული მწერების გასავრცელებლად პენტაგონი საპილოტე საფრენ აპარატებს იყენებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა რომ “რუსი სპეციალისტები სწავლობენ აშშ-ის “საიდუმლო პროექტს” უკრაინაში ღამურების მეშვეობით დაავადებების გადატანის შესახებ”.
?ნეტგაზეთი”