საქართველო არ შეუერთება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს. ეს ითქვა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ. ითქვა ნიშნავს, რომ სიტყვაა. სიტყვას კი – საქმე უნდა მოჰყვეს.
რუსების ქართველებისადმი განსაკუთრებული შინაგანი კეთილი დამოკიდებულების გამოხატულებაა, რომ მოსკოვში, კრემლში, საქართველოს მთავრობის სიტყვებს დასჯერდნენ და დადებითი შეფასება მისცეს ჩვენი ქვეყნის პოზიციას. ბევრ რამეს არ იმჩნევენ. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის ოინებს და ანტირუსული ფლანგის გაძლიერების მცდელობებს, საბანკო სანქციებისადმი ქართული საბანკო სექტორის დე ფაქტო მიერთებას, სიგიჟემდე მისულ ანტირუსულ კამპანიას მასმედიაში, რუსულ გუნდებთან სპორტული ღონისძიებების აკრძალვას (ვგონებ, რეგბის მატჩი ჩავარდა თებერვლის ბოლოს), რუსულ გუნდებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელ-კალათბურთელების ერთი ნაწილის დემარშს და სხვა წვრილ-წვრილ ვერაგულ და მოღალატურ ნაბიჯებს. დიახ, მოღალატურს, მაგრამ აბსტრაქტულ შეფასებებზე დავას არ ვაპირებ, ისევ კონკრეტიკას დავუბრუნდეთ.
ვითარება მართლაც მძიმე რომ არის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიდანაც ჩანს. ის ამბობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს რეალურად შეუერთდა და ყველაზე მთავარი მის განცხადებაში ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა მართლა შეუერთდა სანქციებს. ზურაბიშვილი მართალია, ღარიბაშვილმა მხოლოდ სიტყვით თქვა, რომ არ შეუერთდება სანქციებს, მაგრამ საქმე სულ სხვა სურათს გვიხატავს. “ვი-თი-ბი ბანკი” გააკოტრეს, რაც სანქციებთან შეერთებაა. აბსოლუტურად ჯანსაღად მოქმედი ფინანსური ინსტიტუტი დახურეს, ხალხმა ფული დაკარგა და ამის შესახებ ჯერ კიდევ არ საუბრობენ. რუსეთიდან წამოსული ტრანსფერები ანგარიშებზე ხშირად არ ჯდება, რადგან ჩვენი ქვეყანა რეალურად მიერთებულია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე.
ახლა ყველაფერ ამას დაემატა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მუდმივი ანტირუსული კენჭისყრის გაგრძელება საქართველოს მხრიდან. 7 აპრილს საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამერიკის ყმობას განაგრძობს და გენერალურ ასამბლეაზე ხმა მისცა რუსეთის გარიცხვას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. საქართველო არ აღმოჩნდა იმ ქვეყნების სიაში, სადაც უნდა ყოფილიყო – აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად. ეს უნდა ვაღიაროთ, თუკი რეალობის შეგრძნება საბოლოოდ არ დავკარგეთ და არ დაგვავიწყდა, რომ კავკასიაში ვართ და ვცხოვრობთ, მეზობლად კი რუსეთი გვყავს! აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ქართველებისგან განსხვავებით, გონიერება გამოავლინეს და თავი შეიკავეს, რითაც უარი თქვეს ანტირუსული რეზოლუციის მხარდაჭერაზე და თან არც დასავლეთს დაუპირისპირდნენ. მათ გარდა, კიდევ 56-მა ქვეყანამ მისცა ხმა ასე ანუ თავი შეიკავა.
საინტერესოა, ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ვის აბოლებს, რომ სანქციებს არ უერთდება?! რუსეთს ჯერ არ სცალია ამაზე სასაუბროდ, მაგრამ აუცილებლად გაუხსენებს ჩვენს მთავრობას და, ტერიტორიების დაბრუნება კი არა, შიმშილისგანაც შეიძლება, დავწყდეთ.
რუსეთთან ურთიერთობების პარადიგმა მთლიანად არის გადასახედი, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე გაეროში მოღვაწეობის კუთხით. ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
გულბაათ რცხილაძე