ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით, თავს დაესხნენ — “ქვიარი”

ჟურნალ “ქვიარის” თანახმად, თბილისში, ახმეტელის მეტროსადგურის მიმდებარედ, ამავე გამოცემის ჟურნალისტზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით იძალადეს. 6 აპრილს მომხდარ ინციდენტს შსს იძიებს.

როგორც გიორგი ბასხაჯაური “ქვიარს” უყვება, მეტროს მოპირდაპირე მხარეს ტაქსის გამოძახებას ცდილობდა, როდესაც უცნობი პირი წამოეწია და ლაპარაკი დაუწყო.

“გიორგიმ საუბრისგან თავის არიდება სცადა. უცნობ პირთან მეორე ადამიანი მივიდა და ერთმანეთში ხმამაღლა საუბარი დაიწყეს”, — წერს გამოცემა და ბასხაჯაურის მონაყოლს ციტირებს:

“ბიჭი, რომელიც პირველი გამომელაპარაკა, მეკითხებოდა, ვიღებდი თუ არა ვიდეოს. ვუთხარი, რომ ტაქსის ვიძახებდი. მან ჩემი ტელეფონის შემოწმება დაიწყო. აინტერესებდა, რომელი აპლიკაცია მქონდა გამოყენებული ბოლოს და ზუსტად ამ მომენტში, გვერდიდან სახეში მუშტი დამარტყა მეორე უცნობმა”.

როგორც ამბობს, ერთ-ერთი მათგანი მასზე ძალადობდა, ხოლო მეორე ცდილობდა, თავდამსხმელი შეეჩერებინა.

“პირველმა გაშველება სცადა, მაგრამ მოძალადემ მეორეჯერაც შეძლო ჩემთვის დაერტყა. მინდოდა, ტაქსის მოლოდინში იმ ადგილს გავრიდებოდი, მაგრამ ის მაინც იწევდა ჩემკენ. ჩანთა დავდე და ვცდილობდი, რამენაირად მომეგერიებინა”.

“უკვე 112-ში დარეკვა მქონდა გადაწყვეტილი, როდესაც ჩემკენ გამოიქცა და წიხლი მკერდში ჩამარტყა, რის გამოც უკან დახლებზე გადავვარდი და დავეცი. ბოლოს პოლიციელმა, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო და ყველაფერი დაინახა, წამომაყენა”, — უყვება ის “ქვიარს”.

გამოცემის მიხედვით, გიორგი ბასხაჯაური ამბობს, რომ “მოძალადესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ვარაუდობს, რომ გარეგნობის, კონკრეტულად, პირსინგის გამო სცემეს”.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს. დააკავეს 1 პირი.

 

“ნეტგაზეთი”