დამოუკიდებლობის აქტზე მეუღლის ხელის მოწერა ერთის შეხედვით თითქოს არაფერია, სინამდვილეში – დანაშაულია!

საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საყოველთაო რეფერენდუმს და დამოუკიდებლობის აქტს. პირველი, 1991 წლის 31 მარტს გაიმართა, მეორე, იმავე წლის 9 აპრილს. არც ერთს და არც მეორეს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. საქართველო ისევ რჩებოდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ და საფინანსო სისტემაში.

პოლიტიკური თვალსაზრისით, მან ცენტრთან გაწყვიტა ურთიერთობა, თუმცა თვით მოსკოვში მიმდინარე უთავბოლო, აბურდული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება ტრაგედიად არვის ჩაუთვლია, რაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან ვერსიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეესაბამებოდა კრემლში შემუშავებულ გეგმას, რომლის მიხედვით, ძველი სისტემა, ახლით უნდა შეცვლილიყო, კომუნისტური პარტიის განუსაზღვრელ ძალაუფლებას წერტილი უნდა დასმოდა და ა.შ.

1991 წელს ამ და სხვა საკითხებზე სერიოზული მსჯელობა იმართებოდა კრემლში თვით გორბაჩოვის, სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროს სხვა წევრების მონაწილეობით. შედეგი ამ მსჯელობისა იყო „გკჩპ“, თავისი შიშნარევი „სახელმწიფო გადატრიალებით“ — ძველის შენარჩუნების სურვილით, რომელსაც არც მომავალი სახელმწიფო სისტემისთვის აუცილებელი გეგმა ჰქონდა და არც ამ სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ინტელექტუალური რესურსები.

მოულოდნელი და სწრაფი „სახელმწიფო გადატრიალება“ მოსალოდნელად და სწრაფად დასრულდა — პუჩისტების ციხით. მაგრამ ის, რაც 1991 წლის აგვისტოს არ განხორციელდა, განხორციელდა იმავე წლის ბოლოს, ბელოვეჟის ტევრში რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის პრეზიდენტების ძალისხმევით, რასაც მოჰყვა საბჭოეთის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის გორბაჩოვის სატელევიზიო განცხადება საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ.

დღევანდელი გადასახედიდან პოლიტიკოსები, ექსპერტობა ხშირად სვამენ კითხვას — რამდენად ლეგიტიმური იყო ბელოვეჟი და აქედან გამომდინარე გორბაჩოვის გადაწყვეტილება, და ყველა ერთხმად აცხადებს არალეგიტიმურობას. მათ თავიანთი სიმართლის გასამყარებლად უამრავი არგუმენტი მოჰყავთ, მათ შორის რეფერენდუმიც.

შედეგი რეფერენდუმისა ხომ ნათელი მაგალითი იყო საბჭოთა ხალხის გულწრფელი სურვილისა? სურვილი კი იყო ასეთი — საბჭოთა კავშირის შენარჩუნება, რასაც მხარი რეფერენდუმში მონაწილე ადამიანთა უდიდესმა უმრავლესობამ დაუჭირა.

დიახ! დაუჭირა, მაგრამ მოგვიანებით, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, არ დაიცვა თავისივე გადაწყვეტილება, არ გამოვიდა საპროტესტოდ წითელ მოედანზე, მიტინგით არ დაუსვა კითხვა კრემლში მოკალათებულებს — რას აკეთებთ, რატომ არაფრად აგდებთ რეფერენდუმით გამოხატული ხალხის სურვილსო.

ყველაფერი ისე სწრაფად და მოულოდნელად წარიმართა, ხალხმა გააზრებაც ვერ მოასწრო — რა ხდებოდა მის და ქვეყნის თავს. ხალხმა ვერც კი წარმოიდგინა, რომ უზარმაზარი და უძლიერესი სახელმწიფოს დაშლა ასე იოლად შეიძლებოდა.

ამდენად, 1991 წლის ცივ, მოღუშულ ღამეს, რომელსაც გორბაჩოვის სატელევიზიო გამოსვლა უფრო მეტ სიცივეს მატებდა, მოსკოველებს, სხვა ქალაქებში და სოფლებში მცხოვრებ საბჭოთა ადამიანებს ჯეროვანი ყურადღებით არ შეუფასებიათ ისტორიული მოვლენა. არც ის გაუთავისებიათ, რომ ისინი აღარ არიან საბჭოთა ადამიანები; რომ ისინი სხვანი არიან — ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მოდგმის.

აი, ამ გაურკვეველ ვითარებაში კრემლის თავს აღმართული წითელი დროშა — ნამგალისა და უროს გამოსახულებით, ნელა დაეშვა ფლაგშტოკზე და მის ნაცვლად სამზოლიანი, უცნობი აღიმართა.

სხვა დროს, სხვა შემთხვევაში დროშის დაშვება-აღმართვის სახალხო ცერემონიალი გაიმართებოდა, მაგრამ არა 1991 წლის დეკემბერში. არა და რატომ? — საზეიმო არაფერი იყო.

წითელ მოედანზე იშვიათ გამვლელს, რომელმაც თვალი მოჰკრა დროშის დაშვებას, არც კი უფიქრია, რომ დამთავრდა საბჭოთა კავშირის 70-წლიანი ისტორია სისხლით, ოფლით, გმირობით, თავდადებული შრომით გაჯერებული, უდიდესი გამარჯვებით, მათ შორის ფაშიზმზე.

დამთავრდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს მიერ მოპოვებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა — ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციის გარეშე, მდიდართა და ღარიბთა გარეშე არსებული ქვეყანა; ქვეყანა, სადაც უმუშევრობა არათუ მიუღებელი, არამედ უკანონოდაც ითვლებოდა, ხოლო სწავლა-განათლება, სამედიცინო მომსახურება საფასურის გარეშე იყო; კომუნალური გადასახადები კი ისეთი მიზერული, ყურადღებასაც რომ არვინ აქცევდა, ისე, როგორც საწვავის ფასებს.

1991 წლის დეკემბერს ხალხმა არ იცოდა, რას უპირებდა მას ქვეყნის გამყიდველი ხელისუფლება. რომ სცოდნოდა, სხვაგვარად მოიქცეოდა; რომ სცოდნოდა „ოქტომბრის რევოლუციის“ მსგავსად დეკემბრის რევოლუციას მოაწყობდა. არ იცოდა! და რომ არ იცოდა, მაშინდელი ხელისუფლების „დამსახურება“ იყო.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხმა იცოდა რას უჭერდა მხარს? იცოდა და ეს ცოდნა არ აღემატებოდა ხმამაღალ დამოუკიდებლობას. ხალხს უნდოდა დამოუკიდებლობა. ის ეიფორიაში იყო, ისე, როორც 1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებული ე.წ. ეროვნული ხელისუფლება — „მრგვალი მაგიდა“ და მასში შემავალი 5 პარტია.

გამარჯვებულ „მრგვალ მაგიდას“ ჰქონდა უფლება ეიფორიისა. ხუმრობა ხომ არ იყო საბჭოთა კავშირში პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვება?

მაშინ ყურადღება ნაკლებად მიექცა უდიდეს პოლიტიკურ ნაბიჯს, კომუნისტების მიერ გადადგმულს — მრავალპარტიული არჩევნების ორგანიზება-ჩატარებას.

დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც იმ წლებს უყურებ, განსაკუთრებით 1990-91 წლებს, საკუთარ თავს უსვამ კითხვას — რატომ დათმეს კომუნისტებმა ხელისუფლება? შეძლებდნენ თუ არა ისინი არჩევნებში გამარჯვებას?

ცალსახად პასუხის გაცემა ჭირს, მაგრამ საბჭოური რეალობიდან გამომდინარე, კომუნისტებს არ უნდა გასჭირვებოდათ გამარჯვება. მართალია, „მრგვალი მაგიდაც“ მოხვდებოდა უზენაეს საბჭოში, მაგრამ არა უმრავლესობით, არამედ უმცირესობით. სწორედ უმცირესობაზე ჰქონდა კურსი აღებული გამსახურდიასა და მის თანამებრძოლებს. მაგრამ გაიმარჯვეს.

გაიმარჯვეს, იმიტომ, რომ კომუნისტურმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის. მოდით დავსვათ კითხვა ასეთი — არ გააკეთეს თუ კრემლმა არ გააკეთებინა?

პოლიტიკაში, განსაკუთრებით იმჟამინდელში ჩახედული ექსპერტობა ამტკიცებდა, რომ არ გააკეთებინეს, ვინაიდან საქართველო უნდა ყოფილიყო ექსპერიმენტი, რომლითაც საბჭოთა ხელისუფლება თავს მოიწონებდა დასავლეთის, უპირველესად აშშ-ს წინაშე.

დასავლეთ-საბჭოეთის ურთიერთობები ისეთ სიმაღლეზე იყო აყვანილი, ლამის სიყვარულით ერთმანეთს სხეულის ყველა ნაწილს უკოცნიდნენ. დასავლელთა „სიყვარული“ სულ მალე მოჩვენებითი, ცინიკური აღმოჩნდა, რაც გულუბრყვილო საბჭოთა ხელმძღვანელობამ ვერ შეამჩნია.

ასე და ამრიგად, 1990 წლის არჩევნებში გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“ და მასთან ერთად ხელისუფლების, ქვეყნის მართვის საქმეში გაუთვითცნობიერებელმა „რევოლუციონერებმა“.

ეიფორია ჭარბობდა 1991 წლის რეფერენდუმსა და 9 აპრილის უზენაესი საბჭოს საზეიმო სხდომას, რომელმაც მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ტექსტის შედგენაში მეც ვიღებდი მონაწილეობას — უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსის ამპლუაში.

ტექსტს ხელი მოაწერეს უზენაესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა. დოკუმრნტს ხელს აწერს და საქართველოს სახელმწიფო ბეჭდით ადასტურებს უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი.

ცერემონიალის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლობის აქტი გადაიღო და გამოაქვეყნა „საქინფორმმა“. ხელმოწერის დღეს, საღამოს, დოკუმენტი, გამსახურდიას თხოვნით, გადაეცა მას, რომელმაც მეორე დღეს დააბრუნა — აქტზე ახალი ხელმოწერით, გამსახურდიას მეუღლის.

რატომ გავიხსენე ჩვენი ისტორიის ეს, არცთუ კორექტული ეპიზოდი? უპირველესად იმიტომ, რომ წარსულის ფანატიკოსებს მარტივად შევახსენო — სახელმწიფო, კერძო საკუთრება არ არის, მას პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება სჭირდება.

სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო გამსახურდიას მიდგომა უაღრესად სათუთი და ასევე უაღრესად საპასუხისმგებლო იდეალისადმი — სახელმწიფოს სახელს რომ ატარებს.

სამწუხაროდ, პირველ პრეზიდენტს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამ საწინააღმდეგო აფიქრებინა – სახელმწიფოს პრივატიზება. მაშინ საქართველოს საზოგადოებისთვის ტერმინი „პრივატიზაცია“ უცნობი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, გამსახურდიამ თავისი პოლიტიკით — ერთობ მიუღებლით და კონფრონტაციის შემცველით, ერთწლიანი ხანმოკლე მმართველობა სამოქალაქო ომში გადაიყვანა, რითაც აფეთქების შანსი მისცა ერში დაგროვილ პროვინციულ ნაციონალიზმს, გაუტანლობას, ძმათა კვლას და ყოველივე სიბინძურეს.

დამოუკიდებლობის აქტზე მეუღლის ხელის მოწერა ერთის შეხედვით თითქოს არაფერია, ქართულად რომ ვამბობთ — რა მოხდა მერე? სინამდვილეში დანაშაულია, ვინაიდან გამსახურდიას მეუღლე არც დეპუტატი იყო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. ის დიასახლისი იყო. დიასახლისები კი სახელმწიფოს დოკუმენტზე ხელს არ აწერენ.

და თუ ამას ბედავს პრეზიდენტი, ის სახელმწიფოს თავის საკუთრებად, საკუთარ ბოსტნად მიიჩნევს. ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებები გამსახურდიას თანმდევი პოლიტიკა იყო, რომელმაც საქართველოს მძიმე მომავალი მოუტანა — სამოქალაქო ომების, ძარცვა-გლეჯის სახით, ადამიანთა შორის უნდობლობის ჩამოყალიბებით.

რეფერენდუმით გამოცხადებული დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბრამდე ფიქტიური იყო. ფაქტიურობა მან მაშინ მოიპოვა, როდესაც გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოაცხადა, რასაც მოჰყვა საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება. თუმცა საქართველოს, გართულს შიდა ომში, არც კი უგრძვნია ნანატრი დამოუკიდებლობა.

რეტროსპექტულად გაჰყურებ რა განვლილ ისტორიას, ასეთი აზრი გებადება — ხომ არ ჯობდა თავშეკავება და ისეთივე მოთმინებით გაგრძელება საქმისა, როგორიც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებმა გააკეთეს? მით უმეტეს, ყველამ ნათლად დავინახეთ პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მოსკოვში მიმდინარეობდა. ისიც ვიგრძენით, რომ გარდაქმნებს ადგილი ექნებოდა.

ხომ არ ავჩქარდით? ექსპერიმენტად ქცეულმა საქართველომ, თავისი სულსწრაფობით ქვეყანაც დაანგრია და ხალხიც გასწირა. ერთა შორის ურთიერთობას საძირკველი შეურყია, ავტონომიურ ფორმირებებთან სისხლიან დაპირისპირებას მისცა გასაქანი.

საბჭოეთის პირველი მრავალპარტიული არჩევნების პიონერი ქვეყანა ყოველ მხრივ დაზარალებული აღმოჩნდა.

ცუდ დასაწყისს, ანუ ცუდ დამოუკიდებელ არსებობას, ცუდი მომავალი ერგო წილად. ცუდზე დაშენებული ცხოვრება, რომ ნაკლები წარმატების საწინდარია, არაერთხელ დავრწმუნდით.

განა, 2008 წლის ცხინვალის ომი ამის დასტური არ არის? სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბიბილოვის განცხადება რაღაა, თუ არა ცუდი წარსულის გამოძახილი. და ეს ცუდი, გამსახურდიას პროვინციული ნაციონალიზმიდან და სააკაშვილის ფსევდო პატრიოტიზმიდან ხომ არ იღებს სათავეს?

ბიბილოვის ინტერვიუ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა გადასცეს, თანაც ორი დღის განმავლობაში, სადაც მან მოითხოვა ხალხის ნება-სურვილის ასრულება — რუსეთთან შეერთება. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მისი ოცნება — დაუბრუნდეს დედა სამშობლოს, ამჯერად მაინც ასრულდებაო.

სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას აქვს უფლება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ვიწყებთ რუსეთთან შეერთებისთვის საჭირო პროცედურებს, რუს კოლეგებთანო — ბრძანა ბიბილოვმა.

საქართველოს ხელისუფლების განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრის ზალკალიანის მიერ გაკეთებული, ძველმოდური იყო — ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ ჩაითვლებაო.

მსგავსი შინაარსის სიტყვებს ისროდა წინა ხელისუფლება, იგივე შინაარსისას გვტყორცნის „ოცნებაც“, ქარავანი კი მიდის. მას ძაღლის ყეფა არ აფრთხობს.

თუ წინათ ამ შინაარსის თავდაჯერება ვითომ გამართლებული იყო, ამჯერად სხვა ვითარებაა — რუსეთის მიერ დაკარგულის დაბრუნების ხანა. დარწმუნებული ვარ, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მომთავრების შემდეგ, პუტინის მიერ გამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებელი ქვეყნები, რეფერენდუმს ჩაატარებენ და ისტორიულ სამშობლოსთან, რუსეთთან შეერთებას მოითხოვენ — ყირიმის მსგავსად.

ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს დნესტრისპირეთიც. რუსეთი მათ ჩაიხუტებს. თუ წინათ ის ანგარიშს უწევდა კოლექტიურ დასავლეთს, დღეს ის კონფრონტაციაშია მასთან და მის მოსაზრებას, შეშფოთება-აღშფოთებას აინუნშიც არ ჩააგდებს.

9 წლის წინათ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ოცნებას“, დაპირების თანახმად რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები რომ აღედგინა და ინტენსიური დიალოგი დაეწყო მასთან, ბიბილოვის განცხადება ნაკლები სახიფათო იქნებოდა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა. გაკეთდება თუ არა მომავალში არვინ იცის, რაც საქართველოს მომავალს ერთობ ბუნდოვანს ხდის.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი