დღეიდან, 11 აპრილიდან, საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება.
კერძოდ, ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს ამ რეცეპტს, შემდეგ ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს შესთავაზოს 3 ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, თუ რომელიც წამალი შეიძინოს.
ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო, ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს დაეხმარება თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის დაწყების პროცესს და ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.
„ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება და მათ ჯიბეზე, მათ დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი, ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა, კიდევ უფრო შემცირებული, 60-70-80%-ით არის შემცირებული ფასები, რაც დამერწმუნებით, რომ მართლაც ძალიან კეთილი საქმეა და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა ვუთხრა ზურას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.
აქვე მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, ევროპაში, ამერიკაში, პრაქტიკულად ყველგან. მე თავად მინახავს და ალბათ თქვენ, ვისაც გქონიათ საშუალება, შემთხვევა, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობთ ევროპაში, ამერიკაში, გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს და თავად ირჩევს მომხმარებელი, რომელი შეიძინოს – ძვირიანი, იაფიანი, ნაკლებად იაფიანი და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ნეტგაზეთი”