ვაშინგტონის რეჟიმი შფოთავს, ვაშინგტონში რაღაცას ხვდებიან; ვინ არის გენერალი დვორნიკოვი და რატომ ეშინიათ მისი

საერთაშორისო მასმედია საუბრობს იმის თაობაზე, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელად გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა. ამ დანიშვნაზე ოფიციალური მოსკოვი კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ფაქტს არ უარჰყოფს.

აქამდე, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში არ ჰყავდათ ერთიანი მთავარსარდალი. ახლა მთელი ძალაუფლება ადგილზე გენერალი დვორნიკოვის ხელშია, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება. შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა ძალიან არის შეწუხებული, რომ უკრაინას აწი რკინის ხელით მიხედავს პუტინი. ისტერიკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა გაითამაშა:

„შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთის ახალი გენერალი, რომელიც უკრაინაში ომს ხელმძღვანელობს, შემდგომ სასტიკ თავდასხმებს განახორციელებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ გენერალს აქვს რეზიუმე, რომელიც მოიცავს სისასტიკეს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ეს გენერალი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და სისასტიკის კიდევ ერთი ავტორი იქნება“, – აღნიშნა მან (ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს, ქართული თარგმანი – იპნ).

ნამეტანი “შეშნება” რომ გამოუვიდა, ვაშინგტონის ოლიგოკრატიური რეჟიმის სპიკერმა დასავლური საზოგადოების დამშვიდებაც სცადა – რუსეთმა “სტრატეგიული მარცხი” უკვე განიცადა, უკრაინა არ დაემორჩილება რუსეთსო.

სალივანს დაავიწყდა, ეთქვა, რომ უკრაინას არც არავინ ჰკითხავს, ვის როდის დაემორჩილოს – უკრაინა ფაქტების წინაშე დადგება. ფაქტები კი დღითი დღე უფრო მძიმდება: კიევის ოლქიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსული ჯარების ნებაყოფლობითმა გასვლამ კიევის რეჟიმს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. ფრონტის მთავარ თეატრზე – სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სამხრეთში, უკრაინული შენაერთების ყველა კონტრშეტევა ჩაიფუშა და, პირიქით, ადრე დაკავებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარები დომინირებენ, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სახალხო ლაშქართან ერთად. რუსეთის და დონეცკ-ლოგანსკის შეიარაღებული ძალები ერთობლივად მოიწევენ აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ნელა, მაგრამ გარდაუვლად ავიწროებენ რკალს დონბასში თავდაცვაზე გადასული უკრაინული არმიის გარშემო. მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული ნაც-ბანდა, სახელწოდებით “აზოვი”, უკრაინის ჯარისა და უშიშროების გადარჩენილ ანასხლეტებთან ერთად, სულ დაახლოებით 3 ათასი კაცი, თავისი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის. ერთ კვირაში მარიუპოლის გაწმენდაც დასრულდება და რუსების დიდი ძალები გამოთავისუფლდება დონბასის ფრონტზე სამხედრო ოპერაციის გასაგრძელებლად.

პუტინის საკადრო გადაწყვეტილება, გენერალი დვორნიკოვის დანიშვნის თვალსაზრისით, ამ ფონზე მით უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

რა თქმა უნდა, ამერიკელი ჩინოვნიკის ბოდვა იმის თაობაზე, რომ გენერალი დვორნიკოვი მშვიდობიან მოსახლეობას დაუწყებს ჟლეტას, გასათვალისწინებელი არ არის. თუმცა არც უყურადღებოდ უნდა დავტოვოთ, რადგან ამერიკელების ბოღმა გამოწვეულია რუსი გენერლის მაღალი პროფესიონალიზმითა და ახლო წარსულში მიღწეული სამხედრო წარმატებებით. მაშ ასე, გადავხედოთ ალექსანდრ დვორნიკოვის პროფესიონალურ ბიოგრაფიას:

61 წლის რუსმა გენერალმა გაიარა ჩეჩნეთისა და სირიის ომები. სირიაში 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ივნისამდე რუსეთის შეიარაღებული ჯარების დაჯგუფების სარდალი იყო. დვორნიკოვის სარდლობის პერიოდში, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმრინავებმა 9 ათასზე მეტი საბრძოლო ოპერაცია განახორციელეს, კასპიის ზღიდან გამოშვებულ იქნა ფრთოსანი რაკეტები, განადგურდა ბოევიკების ნავთობმოპოვებისა და -გადამუშავების 200-ზე მეტი ობიექტი. რუსეთის ავიაციის დახმარებით, სირიის არმიამ გაათავისუფლა 400-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და 10 ათას კვ.კილომეტრი ტერიტორია. დვორნიკოვის ხელმძღვანელობით, გათავისუფლდა ქალაქი პალმირა, მოხდა ალეპოს ალყაში მოქცევა და ქალაქის აღმოსავლეთით შეტევის განხორციელება. ასევე განხორციელდა შეტევა ლატაკიაში, შეიხ-მისკინსა და დეირ-ეზ-ზორში.

მამაცმა გენერალმა დვორნიკოვმა რუსეთის პრეზიდენტისგან 2016 წელს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიიღო. გმირის ოქროს ვარსკვლავი ა. დვორნიკოვს პირადად პრეზიდენტმა პუტინმა გადასცა 2016 წლის 17 მარტს.

ასეთი სერიოზული კადრი დაინიშნა კიევის რეჟიმის დასაშოშმინებლად და გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ს კიევის დაშოშმინება არ აწყობს, ამიტომ შეშფოთება-აღშფოთებას გამოხატავს.

 

გულბაათ რცხილაძე