„ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძეს წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დღეს, 11 აპრილს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრია. სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ სხდომაზე მაღლაფერიძეს ჰკითხეს 2021 წელს “ქართულ ოცნების” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ. კერძოდ, ეს ფაქტი ხომ არ შელახავდა ბორდის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანოს სტატუსს, მისი წევრად არჩევის შემთხვევაში. რაზეც მაღლაფერიძემ უპასუხა – “არა მგონია”.
ამასთან, ვასილ მაღლაფერიძე აბსურდს უწოდებს ე.წ. შავ სიებს, რომლის შესახებაც ტელეკომპანიის რამდენიმე ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში სამი ახალი წევრი უნდა აირჩიოს. სახალხო დამცველის კვოტით სამეურვეო საბჭოს წევრად ლაშა ტუღუშია წარდგენილი, რაც შეეხება ოპოზიციის კვოტით ასარჩევ კანდიდატს, მას ოპოზიცია ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს.
“ნეტგაზეთი”