მარიუპოლში დატყვევებულია დ.ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ადრე სირიაში იბრძოდა

მარიუპოლში, “ილიჩის” ქარხნის ტერიტორიაზე დანებებული 36-ე საზღვაო-სადესანტო ბრიგადის წევრებს შორის აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ეიდენ ესლინი. ეს საკმაოდ საინტერესო ეგზემპლარია, დონეცკელ და რუს ჯარისკაცთა “ნანადირევში”.

სურათზე: ეიდენ ესლინი სირიაში

 

ინტერესი მით უფრო დიდია, როდესაც დადის ხმები, რომ “აზოვსტალის” ქარხნის ჯურღმულებში, სადაც ორი-სამი ათასი კაცი კიდევ ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინული მხრიდან, მნიშვნელოვან უცხოელ სამხედრო პირებსაც ვარაუდობენ – ამერიკელებს, ბრიტანელებს, ფრანგებს… რუსულ მედიაში კურსირებს ვერსია, რომ “აზოვსტალში” რაღაც ბიოლოგიური ცდები ტარდებოდა კიდეც. ვიმეორებთ, ეს მხოლოდ ხმებია, მაგრამ მოარული ხმები. ბრიტანელი მოქალაქის აღმოჩენა მარიუპოლში არც ისე უმნიშვნელოა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ამ ბრიტანელის წარსულს.

ბრიტანელი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იბრძოდა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, იძულებული გახდა თავის ქვედანაყოფთან ერთად რუსებს ჩაბარებულიყო, რადგან მათ საკვები და საბრძოლო მასალა ამოეწურათ.

“გარდიანის” ინფორმაციით, ეიდენ ესლინი, ნიუარკიდან, უკრაინის საზღვაო ქვეითებს 2018 წელს შეუერთდა. მარიუპოლიდან მან მეგობრებსა და ოჯახს შეატყობინა, რომ მას და მის ამხანაგებს მეტის გაძლება არ შეუძლიათ, რადგან რუსები თანდათან აძლიერებენ კონტროლს სამხრეთ საპორტო ქალაქზე. ესლინის დედამ, ენგ ვუდმა, განუცხადა BBC-ს, რომ მისი შვილის ქვედანაყოფმა „ჯოჯოხეთური ბრძოლები გადაიტანა“, მაგრამ დანებება გარდაუვალი გახდა, რადგან „იარაღი აღარ ჰქონდათ დარჩენილი“. ინტერვიუში მან გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს მოუწოდა, იპოვოს გზა “პუტინის დასამხობად”.

როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ექსტრემისტების ოჯახთან, დედა-ბუდიანად, როგორც საქართველოში ვიტყვით ხოლმე. “გარდიანი” არაფერს წერს ამ თემაზე, რადგან ინგლისელები, ტრადიციისამებრ, რუსეთის წინააღმდეგ ეშმაკსაც შეეკვრებიან, მაგრამ არქივში იძებნება ინფორმაციები, რომ აზიური გარეგნობის და წარმოშობის ესლინი სირიაში იმყოფებოდა, ვითომდა ქურთების მხარეს ე. წ.  ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი სირიაში მინიმუმ ორჯერ გაემგზავრა, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ინგლისში დააკავეს მისი სირიული “მოღვაწეობის” გამო. სამართალდამცველებს არაერთი შეკითხვა გაუჩნდათ ესლინის მიმართ.

იმჟამად 23 წლის ეიდენ ესლინი უარყოფდა, რომ მას აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. მას კრიმინალი მართლაც ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს. ასეთი გათავისუფლება ხშირად სპეცსამსახურების ჩარევით ხდება, როდესაც ესა თუ ის ექსტრემისტი პირი რაღაცაში სჭირდებათ. როგორც ჩანს, დაჭირდათ და უკრაინაში გადაისროლეს. არაფერს ამით არ ვამტკიცებთ, უბრალოდ ვვარაუდობთ – გონივრული ეჭვის საფუძველზე. მარიუპოლი ყველაზე რთული ხაზი იყო უკრაინის ფრონტზე და ესლინი სწორედ ამ რთულ ფრონტზე ჰყავდათ გამწესებული.

სურათზე: ეიდენ ესლინი გუშინწინ, მარიუპოლში, ტყვედ.

 

ნიუარკის რეგიონული გაზეთის ინფორმაციით, ეიდენი, რომელმაც უკრაინაში საყვარელი გაიჩინა და ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო ამასობაში, ახალი “სამშობლოსათვის” სიკვდილზეც კი აპირებდა წასვლას, მისი განწყობა ასეთი იყო ომის დაწყების წინ და ომის მსვლელობისას, სანამ დონეცკის რესპუბლიკის და რუსეთის ჯარებმა ალყაში არ მოაქციეს ესლინი და კომპანია. როგორც ვხედავთ, სიკვდილი უკრაინის გამო არ ისურვა ბიჭმა და მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაბარდა. მას მაქსიმალურად ჰუმანურად მოექცევიან, მაგრამ მასზე, როგორც დაქირავებულ უცხოელზე, არ გავრცელდება ჟენევის კონვენცია. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა ყველა.

სურათზე: ესლინი და მისი ბრიტანელი ამფსონები უკრაინაში, ომის დაწყებამდე, თებერვალი 2022.