ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს, დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან.
როგორც დეკანოიძემ განაცხადა, კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და უკრაინაში მიდის.
– “უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით შიდა გარჩევები ძალიან უხერხულია ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. ვფიქრობ, როცა ამხელა მძიმე ბრძოლაში არის ქვეყანა, საკითხს სხვა კუთხით უნდა მივდგომოდით. ეს ეხება ყველას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მორალური პედესტალიდან გვესაუბრებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო კიევში, მე ვიყავი კიევში და ეს ვიზიტი იყო რადაში ძალიან მნიშვნელოვანი ისევე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ოპოზიციური დელეგაცია და ჩვენ ამ დელეგაციას მალე დავგეგმავთ, გადაწყვეტს და ესეც იგეგმება, ჩავიდეს უკრაინაში, ამ შემთხვევაში მართებული არ არის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დელეგაციაში წასვლა და მონაწილეობა. არავის მიწვევა არ მჭირდება უკრაინაში რომ ჩავიდე, ჩემთვის უკრაინა არ არის ის რომელ დელეგაციაში ვიქნები, უკრაინა არის გაცილებით დიდი, ვიდრე რაიმე სახის დაპირისპირება. შალვა პაპუაშვილის სამწუხარო გადაწყვეტილება იყო არ წასულიყო და სამძიმარი არ გამოეცხადებინა. მიხარია, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა. კარგი იქნება, ვინც არ ყოფილა კიევში, ჩავიდეს. ყველას მოვუწოდებ, წყნარად მშვიდად და ღირსეულად მიიღოს ეს საკითხი. კარგია, რომ პაპუაშვილი მიდის. სამარცხვინო იყო ის წერილი, რომელიც სტეფანჩუკს გაუგზავნა. კარგია ვინც მიდის, მაგრამ ამ დელეგაციაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. რა თქმა უნდა, მე ჩავალ კიევში ბევრჯერ“ – განაცხადა დეკანოიძემ.
წყარო: 1tv.ge