თეა ახვლედიანი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სტუდენტებთან შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა.
თეა ახვლედიანმა დედაენის დღის დაარსების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრა, რომელთა შედეგად, საზოგადოების ძალისხმევით, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული ენა და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება მრავალეთნიკური საზოგადოების გაძლიერების და სამოქალაქო ინტეგრაციის უმთავრეს ფუნდამენტს წარმოადგენს.
თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო განაგრძობს არაქართულენოვანი თანამოქალაქეების საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას ქართული ენის შესწავლაში, რათა გაფართოვდეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შესაძლებლობები მათი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარი მონაწილეობისთვის.
სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრული სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნო.
– “ქართული ენის, დედა ენის დღე ჩვენ დღეს აღვნიშნეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან ერთად, იმ ახალგაზრდებთან შეხვედრით, რომლებიც სახელმწიფო მხარდაჭერით, ქართული ენის შესწავლის პარალელურად, ეუფლებიან პროფესიას. ეს არის სწორედ, ჩვენი ძირითადი და უმთავრესი გზავნილი, დღევანდელი ღონისძიებიდან, ჩვენი არაქართულენოვანი საზოგადოების წევრების მიმართ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას ინტენსიურ რეჟიმში, რათა ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებზე უკეთ მორგებული ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გამოყენებით მოხერხდეს, რომ უფრო მეტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა შეძლოს ქართული ენის შესწავლა მეტი წარმატების მისაღწევად“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, საუბარი და მსჯელობა შეეხო სხვადასხვა აქტუალურ თემასა და მიმდინარე პროცესებს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
წყარო: ptn.ge