შსს-მ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო, დაკავებულია სამი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია სამი პირი.
შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული თ. ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დააკავეს. პოლიციამ, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ორი მჭიდი.
„ამავე დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1962 წელს დაბადებული დ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ნაგანის“ ტიპის ორი პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული რ.ბ დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: 1tv.ge