სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, 2022 წლის 1 მაისიდან ვასილ ხოდელი დატოვებს გენერალური დირექტორის პოზიციას და მას დაიკავებს ბექა გოგიჩაიშვილი.
სამეთვალყურეო საბჭო განაგრძობს ბანკის მხარდაჭერას და აქტიური მონაწილეობის მიღებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების პროცესში.
სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ განაცხადა:
„ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად დიდი მადლობა გადავუხადო ვასილ ხოდელს გაწეული სამუშაოსთვის და მისი წვლილისთვის ბანკის წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში.
ვასილ ხოდელის მმართველობის განმავლობაში, რომელსაც პანდემიის ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. 2019 წლიდან დღემდე შესრულდა მრავალი ამოცანა, რომელიც ბანკმა დაისახა მიზნად: ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მენეჯმენტის გუნდის ფორმირება, საკრედიტო პორტფელისა და ზოგადად ბიზნესის დივერსიფიკაცია. ლიბერთის მენეჯმენტის გუნდს სრულ ნდობას ვუცხადებთ დასახული სტრატეგიის აღსრულების პროცესში, ვასილ ხოდელს კი ვუსურვებთ წარმატებას.
ბექა გოგიჩაიშვილს აქვს 10 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანალიტიკისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯმენტის მიმართულებით. ბექა „Hunnewell Partners Georgia“-ს 2017 წელს ინვესტიციების მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა და მას შემდეგ, აქტიურად იყო ჩართული ლიბერთი ბანკის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. 2020 წლიდან კი იკავებდა ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას. მტკიცედ მჯერა, რომ მისი პროფესიული და პიროვნული თვისებები, ასევე ლიბერთის მმართველ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება სასიკეთოდ წაადგება ბანკს. წარმატებას ვუსურვებ ბექას და ლიბერთის მომავალი მიზნების მიღწევაში.“
“ნეტგაზეთი”