ვისგან წმენდენ რუსები მარიუპოლს: ნახეთ კერპთაყვანისმცემელი “აზოველების” პორტრეტი

/სტატია ვიდეოებით/. მარიუპოლის გაწმენდა (რუსულად: “ზაჩისტკა”) უკანასკნელ, დამაგვირგვინებელ ეტაპს უახლოვდება – “აზოვსტალის” ტერიტორიაზე გამაგრებული უკრაინული შენაერთები, თუკი არ დანებდებიან, არსებობის ბოლო დღეებს დაითვლიან. ასეთი პერსპექტივა სულაც არ არის სახარბიელო როგორც უკრაინული შენაერთებისთვის, ისე ნებისმიერი გარეშე მდგომისათვის, თუკი იგი ქრისტიანია. მით უმეტეს, ახლა წინასააღდგომო მარხვის ყველაზე მძიმე პერიოდი დგება, დღევანდელი “ბზობის” კვირის შემდგომი 6 დღე.

სწორედ ამ ფონზე უფრო გაგვახსენდა უკრაინული შეიარაღებული ძალების ალბათ ყველაზე უფრო მოტივირებული და ბრძოლისუნარიანი ბატალიონი (წევრთა რიცხოვნობის  გაზრდის შემდეგ – პოლკი), სახელწოდებით “აზოვი”, რომელიც ძირითადად სწორედ დონბასის სამხრეთ ნაწილში და მარიუპოლში არის (იყო) კონცენტრირებული. დონეცკის რესპუბლიკისა და რუსეთის ჯარებმა უკვე აიღეს ქალაქი, გიგანტური “აზოვსტალის” ყოფილი ქარხნის გარდა. გათავისუფლებულია შენობა, სადაც “აზოვის” შტაბი იყო მოწყობილი.

ამ ყოფილი შტაბის ტერიტორიაზე შესულ რუს ჟურნალისტებს ადგილზე დახვდათ “აზოვის” ბოევიკების “ღმერთი” – ძველი სლავური კერპი პერუნი. ეს ხის ქანდაკება ამ ხუთიოდე წლის წინ დაიდგა “აზოვის” ბატალიონის შტაბის ეზოში და მას, სრული სერიოზულობით და უდიდესი მოტივაციით, ბუკვალურად ეთაყვანებოდნენ. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა მაშინ თავად “აზოვმა” განათავსა და ჩვენ მას ქვემოთ გთავაზობთ კიდეც. ასევე გთავაზობთ რუსი სამხედრო სპეციალისტის კომენტარს მარიუპოლიდან, ამ თემასთან დაკავშირებით.

ძნელია, ადამიანმა დაიჯერო, რომ 21-ე საუკუნეში შესაძლებელია ასეთი სიბნელე და სიგიჟე. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ფაშიზმი და კერპთაყვანისმცემლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ასე რომ, თუკი ფაშიზმია 21-ე საუკუნეში შესაძლებელი, ასევე ბუნებრივად იქნება კერპთაყვანისმცემლობა, მათ შორის, ასეთი შეუნიღბავი, პირდაპირი, პრიმიტიული ფორმით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნეოწარმართული ფსევდორელიგია, რომელიც სლავებზე არის “მორგებული”, ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შეიქმნა უკრაინელი ვლადიმირ შაიანისა და პოლონელი იან სტახნიუკის მიერ. სლავურ ნეოწარმართობას, “როდნოვერიეს”, მრავალი განშტოება აქვს და მიმდევრებიც ჰყავს სლავურ ხალხებს შორის, მათ შორის, რუსეთშიც. მართალია, ამ მიმდევრების რაოდენობა ფრიად მოკრძალებულია, თუმცა უკრაინაში ნეოწარმართობამ ოფიციალური აღიარება მოიპოვა “მაიდნის” სისხლიანი გადატრიალების შემდგომ.

სლავი ნეოწარმართები მიიჩნევენ, რომ ბიბლია და უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ებრაელების მიერ მოგონილი ეფექტური იარაღია, ხალხების დასამორჩილებლად. ასე და ამრიგად, ნეოწარმართები ერთმანეთს უთავსებენ ანტიქრისტიანობასა და ანტისემიტიზმს.

2017 წელს გადაღებულ ვიდეოზე ქვემოთ ნახავთ (და მოისმენთ), რომ “აზოვის” ერთ-ერთი მეთაური თავის ბოევიკებს ულოცავს მე-10 საუკუნის კიევის რუსეთის მთავრის, სვიატოსლავ  ხრაბრის (მამაცი)  სამხედრო გამარჯვებას ხაზარებზე. სვიატოსლავი ებრძოდა ხაზართა სახაკნოს. ხაზარულ სახელმწიფოს, რომელიც თანამედროვე ჩრდილო კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის სტეპებზე იყო გადაშლილი, როგორც ცნობილია, ნაწილობრივ იუდაისტური რწმენის მიმდევრები მართავდნენ. ხაზარეთი ერთადერთი სახელმწიფოა ისტორიაში, სადაც ებრაელთა რწმენა – იუდაიზმი, სახელმწიფო რელიგიის დონეზე ავიდა. “აზოვის” მეთაურს სწორედ ეს აინტერესებს – იგი ბოევიკებს ულოცავს სვიატოსლავის გამარჯვებას “იუდეურ სახელმწიფოზე”. პერუნის კერპის დადგმას იგი ასევე უკავშირებს სვიატოსლავის გამარჯვებას იუდეველებზე და “სლავების ღმერთს” სთხოვს დახმარებას. ანტისემიტური ქვეტექსტი აშკარად იკითხება.

თუმცა, როგორც ცნობილია, უკრაინელი ფაშისტები თუ ფაშისტოიდები დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან და ვერ გიპასუხებენ, რატომ მართავდა მათ დღემდე ორი, ასე ვთქვათ, არასლავური წარმოშობის პრეზიდენტი – პოროშენკო და ზელენსკი. თუმცა ისიც მართალია, რომ “ფულს სუნი არ ასდის” და ნაცისტი ანდრეი ბილეცკის მიერ დაარსებულ “აზოვს” ებრაული წარმოშობის უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი აფინანსებდა.

ინტელექტის ნაკლებობას კი, ფაშისტები, ფანატიზმით ავსებენ, რაც ასე ძალიან აწყობთ გარკვეულ ძალებს, რომლებსაც სურთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მუდმივი არეულობა იყოს.

დაბოლოს, ვიდრე ვიდეოებს ნახავდეთ, ყველას (განსაკუთრებით მათ, ვინც ამაზე იტყვის, რომ “მერე რა მოხდა”, “ეს სამხედრო შთაგონებაა” და მისთ.) შევახსენებთ როგორც ებრაელებისთვის, ისე ქრისტიანებისთვის სავალდებულო ათი მცნებიდან პირველ ორს:

“1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ”.

 

ვიდეო-1: რუსეთის ტელევიზიის რეპორტაჟი (ახალი):

ვიდეო-2: “აზოვის” მიერ გადაღებული მასალა, 2017 წ.: