30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დეტექტივი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა 18 აპრილს წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ იმ დროს მოხდა, როცა დეტექტივი ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვისთვის ახალგაზრდა კაცს აკავებდა.
„დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ზემოხსენებული მუხლები გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურეობრვი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და მაქსიმალური სასჯელის სახით 8-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
“ნეტგაზეთი”