ტრამპი: თუ რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე არ მიაღწევენ, სიკვდილის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის გარდა არაფერი დარჩება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებელია, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწიონ.

„აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხედან და რაიმე სახის შეთანხმებაზე არ მუშაობენ. თუ ისინი ამას მალე არ გააკეთებენ, სიკვდილის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის გარდა არაფერი დარჩება. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუმცა მოხდა. გადაწყვეტა ვერასდროს იქნება ისეთი კარგი, როგორიც ომის დაწყებამდე იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტა არსებობს და მისი მიღწევა ახლაა საჭირო და არა მოგვიანებით, როდესაც ყველა მოკვდება!“ – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.