უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაის თქმით, უკრაინაში ომის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების ახალი გამოწვევების ფონზე ალიანსმა გადაწყვიტა, გააკეთოს მეტი საქართველოს მხარდასაჭერად.
“რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების რუკა ევროპაში და შეცვალა დიდი ხნით. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რომ შევაჩეროთ ეს ომი, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი დიპლომატიურად. ამავდროულად, ნატო-მ გადაწყვიტა, გააკეთოს მეტი ჩვენი ახლო პარტნიორების მხარდასაჭერად, საქართველოს ჩათვლით და ამიტომ ვარ აქ – უფრო მეტად კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული საფრთხეებისა და ენერგოუსაფრთხოების განსახილველად.
კიბერთავდასხმები იყო რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ნაწილი ვიდრე საომარი მოქმედებები დაიწყებოდა და მას შემდეგაც. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, ისევე როგორც ნატო-ს ყველა წევრმა, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება და გვინდა, ამაზე ვუმუშაოთ საქართველოსთან. გვაქვს იდეები, როგორ გავაკეთოთ ეს”, – განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჯეიმს აპატურაიმ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინაც.
“როცა საქმე ეხება ჰიბრიდულ საფრთხეებს, ეს მოიცავს კოორდინებულ თავდასხმებს დეზინფორმაციით, ენერგო სექტორში და სხვა. ჩვენ აქაც გვაქვს იდეები, რაც განიხილება სპეციალისტებთან ერთად. როცა საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, საქართველოს როლი ევროპისთვის ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით მხოლოდ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთიდან ენერგიის მიღება შეამცირეს.
განვიხილავთ, როგორ შეუძლია საქართველოს თავისი ენერგო ინფრასტრუქტურა კიბერ და ფიზიკური თავდასხმებისგან უფრო დაცული გახადოს; ჩვენ კონკრეტული თანამშრომლობა გვექნება ამ საკითხზე მიმდინარე წელს. ვფიქრობ, მადრიდის სამიტისთვის, სადაც ველი, რომ ნატოს მთავრობები ხელახლა დაადასტურებენ, რომ ალიანსის კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის, იქნება ძალიან კონკრეტული იდეები საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა აპატურაიმ.
კითხვაზე, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, აპატურაიმ უპასუხა, რომ ნატო, როგორც ორგანიზაცია, სანქციებში არ მონაწილეობს.
“ნათელია, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების პოზიციაში. ასევე, ნატოს მთავრობებს სურთ იხილონ, რომ ყველა ქვეყანა, მით უმეტეს თანამოაზრეები, აკეთებენ აბსოლუტურ მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად”, – დასძინა ჯეიმს აპატურაიმ.
“ნეტგაზეთი”