მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მოსახლეობას საშუალება ექნება, საევაკუაციო ავტობუსებში ტაგანროგსკაიას ქუჩაზე, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანასთან და „შევჩენკოს ბულვართან“ ჩასხდნენ.
„ამ გრძელი და წარმოუდგენლად მძიმე დღეების განმავლობაში თქვენ არაადამიანურ პირობებში ყოფნა მოგიწიათ. იმყოფებოდით საინფორმაციო ვაკუუმში და არ გქონდათ წვდომა არანაირ ინფორმაციაზე,“ – მიმართა მერმა მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც რამდენიმე კვირაა რუსული ძალების ალყაში იმყოფება, დღეს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ჰუმანიტარული დერეფანი ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან (თბილისის დროით 15:00 საათი) გაიხსნა.