მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ კრემლის ვებ-გვერდზე ვრცელი ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში დოკუმენტები გაფორმდება. რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა ვრცელი შეთანხმება აზერბაიჯანთანაც გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტები, პუტინის განცხადებით, შეავსებს ქვეყნებს შორის უკანასკნელ წლებში ხელმოწერილ 200-მდე დოკუმენტს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ პუტინი ფაშინიანს სხვა ქვეყნების ლიდერებისა და მისივე პოლიტიკური წრისგან განსხვავებით არა გრძელ მაგიდასთან, არამედ მცირე ზომის მრგვალ მაგიდასთან ესაუბრა.
უსაფრთხოება და ბიოუსაფრთხოება
“უსაფრთხოების საკითხების, მათ შორის ყარაბაღის საკითხზე, ყოველ დღე თუ არა, ათ დღეში დღეში მაინც ვსაუბრობთ ტელეფონით და შეხვედრებიც რეგულარული გვაქვს”, – ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, უთხრა პუტინმა ფაშინიანს შეხვედრის დასაწყისში.
“არავისთვისაა საიდუმლო, რომ რუსეთი ყველაზე მნიშნველოვან როლს თამაშობს ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, – განაცხადა შეხვედრისას ფაშინიანმა და ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების როლზე საუბრისას, თქვა, რომ ისურვებდა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს ის.
მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და რეგიონში სტაბილურობისთვის მხარეები შეთანხმდნენ გააქტიურონ სამმხრივი ფორმატი სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანთან. [თუმცა, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ბრიუსელში 7 აპრილის ოთხსაათიანი შეხვედრის პროცესში ასევე შეთანხმდნენ “სამშვიდობო შეთანხმების” შემუშავებაზე].
მოსკოვსა და ერევანს შორის ახალი შეთანხმების საკითხებს შორისაა თანამშრომლობა ბიოუსაფრთხოების სფეროში, რაც დოკუმენტის შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ “ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მესამე ქვეყნების მიერ არ იქნება გამოყენებული რომელიმე ქვეყნის ტერიტორია”.
ამასთან, შეთანხმება მოიცავს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებასაც. ამ მხრივ, აღნიშნულია, რომ რომელიმე სახელმწიფო, კავშირი ან კოალიცია ვერ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე – დაუშვებელია მოქმედებები, რომელიც შეიარაღებაზე კონტროლის არქიტექტურას საფრთხეს შეუქმნის ან ერთმხრივად რომელიმე მხარე სხვების უსაფრთხოების ხარჯზე სამხედრო სარგებლის მიღებას შეეცდება.
ახლი შეთანხმების შესაბამისადვე, “მხარეები გააგრძელებენ ურთიერთობების გაღრმავებას გაეროსა და სხვა ფორმატებში რუსეთისა და სომხეთის პოზიციების დასაახლოვების მიზნით”. [გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთის დელეგაციამ “უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესახებ” რეზოლუციის მისაღებ კენჭისყრაზე მონაწილეობისგან თავი შეიკავა].
დოკუმენტში საუბარია ასევე “საერთაშორისო ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე” – ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეები ვალდებული არიან შეზღუდონ ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებლი უკანონო ფინანსური წყაროების არხები, ასევე ნარკოტიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო ბრუნვა.
როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, რუსეთი ასევე მზადაა ხელი შეუწყოს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დარეგულირებას.
ოფიციალური ინფორმაციითვე, “პუტინმა სიამოვნებით მიიღო ფაშინიანის მიწვევა ერევანში 2022 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილ ОДКБ-ს სამიტზე”.
სანქციების საკითხი
კრემლის ინფორმაციითვე, როგორც პუტინი, ასევე ფაშინიანი შეშფოთებულია რიგი ქვეყნების მიერ ცამხრივად დაწესებული [რუსეთისთვის] სანქციების გამო და მზაობას გამოხატავენ ერთმანეთთან შეთანხმებულად გადაჭრან შექმნილი გამოწვევები, მათ შორის სამეწარმეო, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ლოჯისტიკის სფეროებში.
ამასთან, მხარეები ვალდებულებას იღებენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები, სავაჭრო ოპერაციების დროს ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების წილი გაზარდონ.
კულტურა, მეცნიერება, ახალგაზრდული პოლიტიკა
დოკუმენტის თანახმად, ქვეყნებს შორის კავშირები უნდა გაძლიერდეს კულტურის, მეცნიერების, ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში.
შეთანხმების მიხედვით, რუს და სომეხ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს სხვადსხვა ფორუმისა და საგანმანათლებლო ფორმატის ფარგლებში.
“მშვიდობიანი ატომი”
შეთანხმების შესაბამისად, “მოსკოვი და ერევანი მზად არიან ითანამშრომლონ მშვიდობიანი ატომის სფეროში, მათ შორის სომხეთის ატომური ელექტროსადგურის სამომავლო მუშაობის საკითხში”. ამასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ მხარეები მიესალმებიან სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გაზრდას და შეიმუშავებენ ახალი ენერგობლოკების მშენებლობას.
ინვესტიციები, რკინიგზის აღდგენა
ოფიიაოური ინფორმაციითვე, მხარეები სომხეთში რუსული ინვესტიციების ნაკადს ხელს შეუწყობენ. ამასთან, რუსეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს სომხეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, მათ შორის სიუნიქის და სხვა ტერიტორიებზე.
ბრძოლა ნეონაციზმთან და რუსული ენა სომხეთში
კრემლის ცნობით, “მხარეებმა გამოხატეს მზაობა, რომ საერთო წარსულის მიმართ ერთიანი მიდგომებით გააგრძელებენ ბრძოლას მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისა და ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. გააძლიერებენ რასიზმის, ქსენოფობიის, ნეონაციზმის, ნაციონალური, ენობირივი თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე, რუსეთსა და სომხეთში მცხოვრები ორივე ქვეყნის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლას”.
ასევე, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პუტინმა და ფაშინიანმა ისაუბრეს რუსეთში სომხური ენისა და სომხეთში რუსული ენის სწავლების უზრუნველყოფაზე, მათ შორის, სომხეთში უკვე არსებულ ერთობლივი საგანმანთლებლო ორგანიზაციებისა და რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ფილიალებში ეფექტურობის გაზრდის საშუალებით”.
“ნეტგაზეთი”