უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა ქვეყანამ უნდა გააკეთონ არჩევანი ბიზნესს, ფულსა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შორის.
ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ფრანგული ტელეკომოპანია BFM TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს მე მესმის, რომ ბევრ ადამიანს მსოფლიოში, იმისთვის, რომ ბოლომდე შეაფასოს და გაიგოს, რაღაც აღიაროს, აუცილებელია იყოს აქ, ადგილზე… მე მწამს, რომ როდესაც მაკრონი აქ ჩამოვა, ის გაიგებს, რომ ეს გენოციდია. მე ვიწვევ მას, ისევე როგორც ყოველ ლიდერს”,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა და დათბა, მაკრონთან მისი პირადი კონტაქტების წყალობით.
„ვფიქრობ მას საქმე მარტივად არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთში ბევრი ბიზნესია და ეს ბიზნესი ორიენტირებულია ფულსა და ურთიერთობებზე რუსეთის ფედერაციასთან. ეს დაკავშირებულია რუსეთისა და საფრანგეთის ისტორიასთანაც. ჩვენ გვესმის, რომ რუსული ელიტა საფრანგეთში ისვენებს… ყველას ესმის რუსული ფულის, ოლიგარქებისა და ბიზნესის გავლენა საფრანგეთზე. მაგრამ პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთმა უნდა აირჩიონ ბიზნესს, ფულს, ისტორიასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ადამიანის უფლებებსა, სამართლიანობასა და სიცოცხლეს შორის”,- განაცხადა ზელენსკიმ.
“რეზონანსი”