ფარულ მოსმენებზე ინიციატივა ტოტალური კონტროლის დაკანონების მცდელობაა – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრების ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადები იზრდება და კონკრეტული მუხლებიდან გამომდინარე – შესაძლოა, განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს.

დღეს მოქმედი რედაქციით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადა 6 თვეა.

DRI-ის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა ტოტალური კონტროლის დაკანონების მცდელობაა.

მათი თქმით, სავარაუდო უკანონო ფარული მიყურადება და თვალთვალი, წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას წარმოადგენს და ნაცვლად სახელმწიფოს მხრიდან, მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტების ეფექტიანად, სწრაფად გამოძიებისა და საზედამხედველო მექანიზმების გამოყენებისა, ადამიანის პირად სივრცეში უკონტროლო ჩარევა ლეგიტიმური ხდება.

„კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლო კონტროლით უნდა გაგრძელდეს. სასამართლო ნებართვის გაცემის პროცესში, მოსამართლეთა მაღალკვალიფიციურობისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს ვენეციის კომისია. თუმცა, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემიდან გამომდინარე, აღნიშნული ჩანაწერი სათანადო გარანტიად ვერ ჩაითვლება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ეფექტიანად გამოძიება, რასაც შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს. განუსაზღვრელი ვადით ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა სამოხელეო დანაშაულებზეც ვრცელდება (რაც სრულად არ ექცევა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში). ამასთან, სასამართლო, როგორც წესი, სრულად აკმაყოფილებს წარდგენილ შუამდგომლობებს, განსაკუთრებით, სამოხელეო დანაშაულთან მიმართებით“, – აცხადებს DRI.

DRI ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტისთვის შეტყობინების ვადა, შესაძლოა, გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.

მათი თქმით, ამ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტს სრულად ერთმევა დარღვეული უფლების სათანადოდ დაცვის სწრაფი და ეფექტიანი გარანტია. მეტიც, მან შესაძლოა, ვერასდროს შეიტყოს, რომ მის მიმართ მიმდინარეობს ან/და მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედება.

„ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებული მეთოდები, ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავდეს ისეთ ბუნდოვან დათქმებს, როგორიცაა – შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. ასევე, განმარტებითი ბარათის მიხედვით, გაუგებარია, რა კრიტერიუმით შეირჩა სისხლის სამართლის კოდექსის ის კონკრეტული მუხლები, რა დროსაც, შესაძლოა, ფარული საგამოძიებო მოქმედება, განუსაზღვრელი ვადით ჩატარდეს“, – აცხადებს DRI.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ინიცირებული კანონის პროექტის მიღება და ამით, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის, მასთან ერთად კი კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების უგულებელყოფის დაკანონება.

რას გულისხმობს „ქართული ოცნების“ ინიციატივა, ნახეთ აქ:

 

“ნეტგაზეთი”