პუტინი შარლ მიშელს: “ყველას, ვინც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება, იარაღის დაყრის შემთხვევაში სიცოცხლე შეუნარჩუნდება”

ყველას, ვინც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება, იარაღის დაყრის შემთხვევაში სიცოცხლე შეუნარჩუნდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ეროვნული ბატალიონების სამხედროებს და უცხოელ დაქირავებულებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ღირსეული მოპყრობა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება”, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმების ბრძანებისა და გარანტიების გაცემის მიუხედავად, „კიევის ხელისუფლება არ აძლევს მებრძოლებს იმის უფლებას, რომ დანებდნენ“.

Lenta.ru-ს ინფორმაციით, რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ ჰუმანიტარული პაუზის დასაწყისი უკრაინელი სამხედროების მიერ თეთრი დროშების აღმართვა იქნება. მისივე თქმით, თუ რუსული ჯარები საწარმოს რომელიმე მიმართულებით თეთრ დროშას აღმოაჩენენ, ამ შემთხვევაში ცეცხლი დაუყოვნებლივ შეჩერდება.