ახალი თავმჯდომარე და პარტიის ახალი სახელი – ვინ ჩაანაცვლა ზურაბ მახარაძე

2021 წლის ბოლოს, “ალტ–ინფომ” დაარეგისტრირა პარტია კონსერვატიული მოძრაობა და საჯარო რეესტრის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ, პარტიის დარეგისტრირებისას, პარტიის თავმჯდომარე იყო ზურაბ მახარაძე – სრული უფლებამოსილებით, ხოლო გენერალური მდივანი იყო – გიორგი ქარდავა – შეზღუდული უფლებამოსილებით.

როგორც საჯარე რეესტრის მონაცემით ირკვევა, 2022 წლის 28 მარტს, პარტია “კონსერვატიულ მოძრაობას” ცვლილებებისთვის მიუმართავს მისთვის და უთხოვია სახელის შეცვლა, კერძოდ, ნაცვლად “კონსერვატიული მოძრაობისა” ახლა ის იწოდება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“.

ამჯერად, პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აღარ არის მითითებული და დოკუმენტების მიხედვით, პარტიას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს – გიორგი ქარდავა – სრული უფლებამოსილებით და გენერალური მდივანი – შოთა მარტინენკო – შეზღუდული უფლებამოსილებით.

ზურაბ მახარაძე არც პარტიის თავმჯდომარედ და არც გენერალურ მდივნად აღარ იწოდება.

11 აპრილს, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება:

“1. რეგისტრირებულ იქნეს ცვლილებით „კონსერვატიული მოძრაობა“ და პარტიის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით: „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.”

რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, მან მარტის შუა რიცხვებში განაცხადა:

“როგორც “ალ-ინფოს” ისე, “კონსერვატიულ მოძრაობას” სხვა ტემპებზე გვიწევს გადასვლა, აქედან გამომდინარე, მე, თვე, ალბათ, მეტი ხანი მომიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე”

მოგვიანებით, 13 აპრილს, მისი სახელით გავრცელდა განცხადება, რუსეთში მოლაპარაკებებზე, თუმცა, პარტიის გვერდზე გავრცელდა წერილი, სადაც ეწერა, რომ ზურაბ მახარაძეს ეს წერილი არ დაუწერია და წერილი ყალბია, გარდა ამისა, მაშინ პარტიის წევრები წერდნენ, რომ ზურაბ მახარაძე მალე დაბრუნდება ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა, ამ დროისათვის იგი უკვე აღარ იყო პარტიის თავმჯდომარე.