ავთენტურიც რომ იყოს, რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზეა საუბარი – კობახიძე ჩანაწერებზე

„ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის და რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებული ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც თითქოსდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

მისი თქმით, საქართველოს გაცხადებული პოზიცია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს. როგორც კობახიძე ამბობს, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს „სერიოზულ ფარგლებში“ უკრაინაც ინარჩუნებს, როცა რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის ტრანზიტი ხდება.

„საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია, რომ ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერია და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში. გარდა ამისა პროდუქტის იმპრორტირება ხდება ადგილობრივი მოხმარებისთვის და არავითარი გადაყიდვის მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს არის ის, რომ ჩვენ სანქციებს არ შევუერთდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით  კი 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა –  ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

“ნეტფაზეთი’